logo
ENG



უსუფაშვილი: უნდა დავასრულოთ მოჯადოებულ წრეზე სიარული, სადაც ვიღაცის წინააღმდეგ ვერთიანდებით

22 დეკ 201922:41
3 წუთის საკითხავი
 

„უნდა დავასრულოთ მოჯადოებულ წრეზე სიარული, სადაც ყოველ 7-8 წელიწადში, ვიღაცის წინააღმდეგ ვერთიანდებით“, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, 30 წლის განმავლობაში, მრავალპარტიულობის ნაცვლად, მრავალი პარტიის ერთპატიულ მმართველობაზე შეჯიბრი შეიქმნა.

„უნდა გავწყვიტოთ ეს მოჯადოებული წრე, როცა 7-8 წელიწადში ერთხელ, ყველა ვერთიანდებით ვიღაცის წინააღმდეგ. იმ ვიღაცას ჩამოვაცილებთ ხოლმე ხელისუფლებას, იმისთვის, რომ მისი ანალოგი ვშვათ და მერე ისევ ჩამოვაგდოთ. რამ განაპირობა ის, რომ 30-წლიანი პოლიტიკური ცხოვრების შემდეგ კიდევ ახალ პოლიტიკურ მოძრაობაში გავწევრიანდი?! იმიტომ რომ 30 წლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ ანტისახელმწიფოებრივი, იმიტომ რომ ჩვენ ვერ დავარღვიეთ ანტისახელმწიფოებრიობის ბასტიონები. პირველ რიგში მონოპოლია ჭეშმარიტებაზე, განცდა იმის, რომ მრავლპარტიულობის ნაცვლად, შევქმენით მრავალი პარტიის შეჯიბრი ერთპატიულ მმართველობაზე. იწყება მრავალპარტიულობით და მთავრდება ერთპარტიული მონოპოლიით ჭეშმარიტებასა და ძალაუფლებაზე. ხელისუფლებაში მოსული ძალა და ლიდერები, საკუთარ ინტერესებს სახელმწიფოს ინტერესებთან აიგივებენ, შესაბამისად, არჩევნებში მისი წაგება, სახელმწიფო მარცხად წარმოუდგენიათ, ამიტომ ხლართავენ რაღაცებს. ბევრ მათგანს გულწრფელი განცდა უჩნდებათ, რომ ჩვენ ყველა ვართ მტრები. ესაა სწორედ ბოლშევიზმი, კომუნისტური დამოკიდებულება. ჩვენთან მხოლოდ ის შეიცვალა, რომ სხვა სახელები ჰქვია. ჩემი მხრიდან, ბოლო პოლიტიკური ნაბიჯი იმიტომ გადავდგი, რომ მორალური უფლება არ მქონდა წასვლის, ამიტომ ჩამოვაყალიბე შენების მოძრაობა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 


close დახურვა