მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, რუსებმა ბავშვები ენერგოდარიდან რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმში "საზაფხული ბანაკებში" წაიყვანეს და იქ განუსაზღვრელი ვადით დატოვეს.
"ისინი [ბავშვები] უკვე უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ რუსები მშობლებს დაუკავშირდნენ და სთხოვეს, ბავშვებისთვის ზამთრის ტანსაცმელი მიეწოდებინათ. ეს ნიშნავს, რომ ბავშვები ჯერ არ დაბრუნდებიან," - თქვა მელიტოპოლის მერმა.
ქალაქის მერი ამბობს, რომ მელიტოპოლში რუსი ოკუპანტები ბავშვების გაგზავნას ყირიმში, კრასნოდარში, ტულასა და ვოლგოგრადში ცდილობდნენ, მაგრამ მშობლებმა მათ ხელი შეუშალეს. ფედოროვი ოკუპირებული ტერიტორიებიდან მშობლებს სთხოვს, არ მისცენ შვილები რუს ოკუპანტებს. მისი თქმით, დიდია ალბათობა იმისა, რომ რუსები ბავშვებს სახლში აღარ დააბრუნებენ.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 430 ბავშვი დაიღუპა, 820 კი დაშავდა. ამასთან, გენპროკურატურა აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ.