logo
ENG



ფილიპ ბრიდლავი: საქართველომ ნატოში წევრობის "ფინიშის ხაზი" დიდი ხნის წინ გადაკვეთა

17 აგვ 202023:00
3 წუთის საკითხავი
 
zpsg2yt5o6up28t.jpg

ნატო-ს ჯარების ყოფილი მთავარსარდლისა და ამჟამად ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპის ინიციატივის თავმჯდომარის, ფილიპ ბრიდლავის შეფასებით, საქართველო უკვე გავიდა "ფინიშის ხაზზე", როცა საქმე ნატოს-თვის გაღებულ წვლილს ეხება. ამის შესახებ გადამდგარმა გენერალმა "ამერიკის ხმასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

ბრიდლავის თქმით, ყველაზე მეტი ნატო-სთვის სწორედ საქართველომ გააკეთა. 

კითხვაზე - რას ფიქრობს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე იმ პირობებში, როდესაც რუსეთი ქვეყნის ოკუპაციას აგრძელებს, მან განმარტა, რომ მისი მოსაზრება არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ნატო-ს ჯარების მთავარსარდალი გახდა.

"მანამდე ევროპაში ამერიკის საჰაერო ძალებს და აფრიკაში ამერიკის საჰაერო ძალებს ვხელმძღვანელობდი და ძალიან კარგად ვიცოდი საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები და ის საქმიანობა, რასაც ქვეყანა არაჩვეულებრივად წარმართავდა იმისთვის, რომ დასავლეთში ინტეგრაცია მოეხდინა. მას შემდეგ, რაც ნატოს ძალების მთავარსარდალი გავხდი, ერთ-ერთი ყველაზე პირველი რამ, რაც გავიგე იყო ის, თუ რამდენი რამ გასცა საქართველომ ნატოსთვის. მათ შეცვალეს ბევრი რამ, რაც ვთხოვეთ, იქნებოდა ეს მთავრობაში, თუ ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით ანგარიშვალდებულებების შემოღებით, კანონის უზენაესობით თუ სხვა. ყველა ამ მიმართულებით პროგრესი არის", - ამბობს ბრიდლავი. 

იგი ამბობს, რომ ყველაზე მეტი კარისკაცი ავღანეთის ძალისხმევაში, სწორედ საქართველოს ჰყავს გაგზავნილი. 

"როგორც სამხედრო მეთაური, გეტყვით იმას, თუ რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. სულ მოსახლეზე არავის ჰყავს იმდენი ჯარისკაცი ავღანეთის ძალისხმევაში, რამდენიც საქართველოს. სულ მოსახლეზე არავის დაუკარგავს საქართველოზე მეტი ჯარისკაცი. როცა საქართველოს ზომაზე ფიქრობ და აცნობიერებ იმას, თუ რამდენი გაიღო ქვეყანამ, დაინახავ, რომ ავღანეთის მისიაში მათზე მეტი წვლილი არავის მიუძღვის.

მე უღრმესი პატივისცემა მაქვს ერთი მხრის საქართველოს შეიარაღებული ძალების სამოქალაქო ხელმძღვანელების მიმართ და მეორე მხრის ჩემი სამხედრო ძმებისა და დების მიმართ, რომლებიც მსახურობენ და რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს.

საქართველოზე მეტი ნატოსთვის არავის გაუღია. ჩვენ ისინი ძალიან გვიყვარს და მათი მადლიერები ვართ. სამოქალაქო სფეროში, მე დიდი ექსპერტი არ ვარ. მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით, მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც ვთხოვეთ. მათ ყველა მოლოდინს გადააჭარბეს, როცა საქმე სამხედრო ადაპტაციას და წვლილის შეტანას ეხება. ჩემი აზრით, საქართველო უკვე გავიდა ფინიშის ხაზზე, როცა საქმე ნატოსთვის გაღებულ წვლილს ეხება“, - განაცხადა ბრიდლავმა.


close დახურვა