ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოვლინდა, რაზეც სისხლისსამართლებრივი დევნა 2 პირის მიმართ დაიწყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი სარფი-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებში დამალვის გზით, საბაჟო საზღვარზე გადმოიტანეს ჯამში დაახლოებით 4 447 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს 577 497 ლარს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8 -დან 11-წლამდე ვადით.