ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ქუჩების საახალწლო განათებებით გასაფორმებლად წელს 2 561 874 ლარი იხარჯება, რაც შარშანდელთან შედარებით 1 მილიონი ლარით მეტია.
ფლანვგის დეტექტორის ცნობით, 5 თვითმმართველი ქალაქიდან ყველაზე მეტი, 700 000 ლარი საახალწლო განათებებში ბათუმმა დახარჯა. შედარებისთვის, შარშან ეს ხარჯი 500 000 ლარი იყო.
რაც შეეხება თბილისს, წელს თბილისის მერიის თბილსერვის ჯგუფმა ქალაქის განათებაში დაახლოებით 340 000 ლარი გადაიხადა, შარშან კი ხარჯი 617 000 ლარი იყო. თბილისის მერიამ წინა წლების მსგავსად, წელსაც შეიძინა საახალწლო განათებები და აქსესუარები.
აღსანიშნავია, რომ ფლანგვის დეტექტორმა მერიის თბილსერვის ჯგუფს ჰკითხა, რატომ იხარჯება ყოველწლიურად ათასობით ლარი საახალწლო განათებების შეძენაზე, თუმცა მათ მერიისგან პასუხი არ მიუღიათ.
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, მხოლოდ თბილისის საახალწლო განათებებზე 2017-2021 წლებში 5 მილიონი ლარი დაიხარჯა.