logo
ENG



ფონ დერ ლაიენი: საკვები ახლა რუსეთის ტერორის არსენალის ნაწილია 

08 ივნ 202215:50
3 წუთის საკითხავი
 

ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ საკვები გახდა რუსეთის ტერორის არსენალის ნაწილი.

სტრასბურგში ევროპარლამენტისადმი მიმართვისას, ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის შავი ზღვის პორტების აღდგენის გადაუდებელი აუცილებლობა, როგორც წამალი მოსალოდნელი გლობალური სასურსათო კრიზისისთვის.

"ეს არის ცივი, თავხედური და გათვლილი ალყა პუტინის მიერ მსოფლიოს ზოგიერთი ყველაზე დაუცველი ქვეყნისა და ხალხის მიმართ. ამიტომ, ახლა, პატივცემულო წევრებო, საკვები უკვე გახდა კრემლის ტერორის არსენალის ნაწილი და ჩვენ ამას ვერ შევეგუებით."- განუცხადა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის კანონმდებლებს.

ევროკავშირის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ ეხება ძირითად საკვებ პროდუქტებს. მან ასევე თქვა, რომ პორტის ემბარგო არ ეხება სასოფლო-სამეურნეო საქონელს.

ასევე, ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა რუსეთის დეზინფორმაციას სასურსათო კრიზისთან დაკავშირებით.

ევროკავშირის ხელმძღვანელმა შენიშვნები მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ანკარაში შეხვედრები გამართეს, რათა განეხილათ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები.

ფონ დერ ლაიენმა მადლობა გადაუხადა გაერო-ს მცდელობისთვის უკრაინის შავი ზღვის პორტების აღდგენაში დასახმარებლად და გაიმეორა, რომ "უკრაინული მარცვლეულის უმრავლესობის ექსპორტი მხოლოდ ამ მარშრუტებით არის შესაძლებელი".

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ ხმელთაშუაზღვის ქვეყნების და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვით შესაძლოა მილიონობით ადამიანი შიმშილით დაიღუპოს.

 


close დახურვა