სულ რამდენიმე თვეა, რაც ტელევიზორის არხების ჩამონათვალში „ფორმულა“ გაჩნდა. ეს რამდენიმე თვე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ყურადღება მიეპყრო და ინტერესი გაეჩინა. მსოფლიო პანდემიამ ტელეკომპანიის საერთო გეგმებიც არია და სწორედ იმ მომენტში, როცა "ფორმულა" საცდელი მაუწყებლობიდან სრულფასოვანზე გადავიდა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
უკვე თითქმის 2 თვეა, რაც „ფორმულა ნიუსის“ ჟურნალისტები გადაღებაზე წასასვლელად, რეკომენდაციების შესაბამისად, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით ემზადებიან. ეს ყველაფერი არ არის, რითაც ტელეკომპანია თანამშრომლების უსაფრთხოებასა და მაყურებლის ინფორმირებულობაზე ერთდროულად ზრუნავს. იმისათვის რომ ჟურნალისტების, ოპერატორების, მემონტაჟეებისა თუ სხვა თანამშრომლების კონტაქტი მინიმუმამდე დასულიყო, არხის მენეჯმენტმა მუშაობის დროს მათი კლასტერებად დაყოფა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლების უმრავლესობას უკვე რამდენიმე კვირაა, საკუთარი ოჯახის წევრებიც არ უნახავთ. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არხზე დროებით შეჩერდა რამდენიმე მასშტაბურ პროექტზე მუშაობა, მათ შორის კულინარიულ და მუსიკალურ მეგაშოუზე.
მაშინ როდესაც მსოფლიოში ტელესერიალების გადაღება გაჩერდა, „ფორმულა კრეატივის“ გუნდმა ორიგინალურ შინაარსობრივ კონტენტს მიაგნო. „ჩემი ცოლის დაქალები კარანტინში“ - ასე ჰქვია სპეციალურ სერიებს, რომლებიც „ფორმულას“ მაყურებელმა უკვე იხილა. რეგულაციებისა თუ საფრთხის მოხსნის შემდეგ, ყველაზე პოპულარული ქართული სერიალის გადაღებები კვლავ განახლდება.
სამაუწყებლო ბადეში რამდენიმე ახალი გადაცემა ჩაეშვა, მათ შორის „თვითიზოლაცია“ და „გართობა თვითიზოლაციაში“. ასევე სიახლეა გადაცემა „კოვიდ-19“, სადაც მაყურებელი ვირუსის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას იღებს. ახალ ფორმატზე გადადის გადაცემა „კორონომიქსი“, რომელიც 4 მაისიდან ეთერში ყოველდღიურად გავა.
გარდა ამისა, დღეიდან „ფორმულაზე“ყველასათვის კარგად ცნობილი გადაცემა „დროება“ დაბრუნდა. მაყურებელი საკვირაო ტელეჟურნალს ყოველ კვირას 20:00 საათზე იხილავს.