ქართველი სასულიერო პირები საპატრიარქოში იკრიბებიან. „ფორმულას“ ინფორმაციით, მთავარი განსახილველი თემა ზიარების წესის საკითხია. შეხვედრას პატრიარქის მოსაყდრე შიო ხელმძღვანელობს.
საპატრიარქოს პრესსამსახურის ერთ-ერთმა მსახურმა, მამა გურამ ჭარელაშვილმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე გაავრცელა მოწოდება, რომ ადამიანებმა არ უნდა გაკიცხონ ერთმანეთი. როგორც გურამ ჭარელაშვილი წერს, არ შეიძლება გავკიცხოთ არც ზიარების მსურველები და არც ის ადამიანები, ვისთვისაც მიუღებელია ერთი კოვზით ზიარება.
წირვა-ლოცვების უმრევლოდ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს აშშ-სა და კანადაში მოღვაწე ქართველმა მსახურებმაც.
„კორონას მასშტაბური ზრდიდან გამომდინარე, წირვა აღევლინოს მრევლის გარეშე. გადაწყვეტილება ექვემდებარება აშშ-ისა და კანადის სახელმწიფოების მიერ გაცემულ მოთხოვნებს", - ამბობს უცხოეთში მოღვაწე ქართველი მღვდელმსახური.
სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს მრევლს მამა ზენონ იარაჯულიც - მისი თქმით, მორწმუნეები უნდა დაემორჩილონ ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციებს.
„შექმნილ ვითარებაში გვმართებს, დავემორჩილოთ ადგილობრივ უწყებებს - გულისყურით მოვეკიდეთ რეკომენდაციებს. დარჩით სახლებში, რათა აცილებულ იქნას საფრთხე. მოყვასის სიყვარულისთვის ზედმიწევნით დაიცავით ყველა წესი", - წერს სოციალურ ქსელში მამა ზენონ იარაჯული.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგოამროების გამოცხადების მიუხედავად, კვირას, 22 მარტს ეკლესიებში წირვა-ლოცვები აღევლინა და ზიარების რიტუალიც ჩატარდა.