logo
ENG



ქართული ოცნება კლანისგან დამოუკიდებელ მოსამართლეს, ეკა არეშიძეს ესხმის თავს

20 აგვ 202414:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/20/5i4xzk195888g59.jpg

კლანისგან დამოუკიდებელი მოსამართლე, ეკა არეშიძე ქართული ოცნების სამიზნე გახდა. მმართველი პარტია დღეს გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში ამტკიცებს, რომ ეკა არეშიძის მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, 6 წლის წინ გამოტანილი განაჩენი "საეჭვო და გაუგებარია", რასაც ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა მოჰყვა.  

"ყველას გვახსოვს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოტანილ საეჭვო განაჩენს მოჰყვა. მოსამართლემ, რომელიც უცხოელებისგან დღემდე საეჭვო პრივილეგიებით სარგებლობს, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი არ გაითვალისწინა და გაუგებარი განაჩენი გამოიტანა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. თუმცა, ოპოზიციამ და ენჯეოებმა არა მოსამართლის, არამედ პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს. მეტიც, პროტესტი რევოლუციურ პროცესებში გადაიზარდა. მაშინ საზოგადოებას გაუჭირდა იმის გააზრება, თუ ვის მიერ და რა მიზნით იყო შესაბამისი პროცესები დაგეგმილი და კოორდინირებული. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი არჩევნებამდე შედარებით დიდი ხნით ადრე და არა წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი ტრაგიკულად შეიძლება დასრულებულიყო და ხელოვნურად წარმართულ სცენარს ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება შეიძლებოდა მოჰყოლოდა. საზოგადოებას თვეები დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ საქმეში ხელისუფლების არავითარი ბრალეულობა არ იყო. ეს მაგალითი იმ რისკების საუკეთესო ილუსტრაციაა, რომლებიც ხელოვნურად გაღვივებული პოლარიზაციის ფონზე, მსგავსი სცენარის ამოქმედებასთან შეიძლება იყო დაკავშირებული", – დაწერა ოცნებამ. 

ხორავას საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ–ერთი წევრის, ოთარ კახიძის შეფასებით, ეს განცხადება ოცნების შეთქმულების თეორიის ნაწილია, ხოლო, კიდევ ერთი წევრის, ოთარ აბესაძის თქმით კი, გამოჩნდა, თუ როგორი ამორალური პოლიტიკური ძალაა ქართული ოცნება. 

"ყველამ კარგად ნახა, რომ რომ არა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, ქართული ოცნება, შსს, პროკურატურა, პირდაპირ აპირებდა დათო სარალიძის მკვლელობაში მონაწილე პირთა გარკვეული ჯგუფის, მათი ახლობლების პასუხისმგებლობისგან არიდებას. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, როგორ უჭირთ მათ საზოგადოებრივი მხარდაჭერა და როგორ ამორალურ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე, როცა აშკარა ფაქტების გაყალბებით ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას", – აცხადებს აბესაძე. 

სასამართლო გუშაგის დამფუძნებლის, ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით კი, ეს განცხადება არის აღიარება იმისა, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელი არ არის. 

"სხვა შემთხვევაში, ისინი პოლიტიკურ განცხადებას მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, არ გააკეთებდნენ. ასევე, საუბარია მოსამართლის ტრენინგებში მონაწილეობაზე უცხოეთში. ესეც ძალიან უცნაურია, რატომ გახდა მმართველი პარტიის ყურადღების საგანი, თუმცა ფაქტია, რომ ისინი ნებისმიერ გამოვლინებას, რომელიც საქართველოში უკავშირდება განვითარებას, ნებისმიერი ადამიანის მცდელობას, რომ ქვეყანაში იყოს უფრო გამართული სასამართლო სისტემა, უპირისპირდებიან ამ ფორმით", – აღნიშნავს ჯანეზაშვილი. 

 


close დახურვა