logo
ENG



ქართულმა ოცნებამ გაზპრომთან ხელშეკრულება განაახლა - ყველა პუნქტს გრიფით საიდუმლო ადევს

26 მაი 202020:10
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს დამოუკიდებლობიდან 102 წლის შემდეგაც ქვეყნის ხელისუფლება რუსეთისაგან ეკონომიკურ დამოკიდებულებას არ წყვეტს. ბიძინა ივანიშვილის მთავრობა პოლიტიკურად წოდებულ გაზს სულ უფრო წამგებიანი პირობებით ყიდულობს. „გაზპრომთან“ ხელისუფლებამ საიდუმლო ხელშეკრულება განაახლა. 

რუსეთის სახელმწიფო კომპანიასთან საქართველოს ხელისუფლებამ საიდუმლო ხელშეკრულება განაახლა. „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის შესყიდვის ყველა პუნქტს გრიფით საიდუმლო ადევს. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებიდან მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ შეიცვალა გაზის მოწოდების ტარიფი. თუმცა უცნობია რამდენი იყო ის აქამდე ან როგორ განისაზღვრება მომავალში.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ხელშეკრულების განახლების მიზეზი მსოფლიო ენერგო ბაზარზე ფასების შემცირებამ გამოიწვია. ნათია თურნავა ამტკიცებს, რომ ბუნებრივ აირს რუსული ენერგოკომპანიისგან საქართველო 15 %-ით უფრო იაფად მიიღებს.

რუსულ „გაზპრომთან“ ბოლოს ხელშეკრულება 2017 წელს გადაიხედა, ხელშეკრულება მაშინაც საიდუმლოდ გაფორმდა, არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველო „გაზპრომისგან“ ბუნებრივ აირს ათას კუბურ მეტრს 185 დოლარად ყიდულობს. მინისტრის მიერ დაანონსებული 15%-იანი კლების შემდეგ, სავარაუდოდ საქართველო ბუნებრივ გაზს რუსეთისგან, 27 დოლარით იაფად, 157-ად შეიძენს. ენერგეტიკოსები ხელისუფლებას ხელშეკრულების გასაჯაროებას სთხოვენ. მათი აზრით, მაშინ როდესაც ევროპულ ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასი 80-დან 90-დოლარამდე მერყეობს, 15 %-იანი ფასის კლება არასაკმარისია. ევროპულ საბაზრო ფასთან შედარებით, საქართველო რუსულ გაზს თითქმის 2-ჯერ ძვირად ყიდულობს.

„გაზპრომთან“ დადებული საიდუმლო ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს ოპოზიციაც. ისინი პრემიერ მინისტრს ხვალ ამ კითხვით პარლამენტშიც მიმართავენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პუტინის ხელში „გაზპრომი“ პოლიტიკური იარაღია და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის შესაძლოა ეს ხელშეკრულება საფრთხის შემცველი იყოს, ამიტომ დოკუმენტის ყველა პირობა საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა გახდეს. 

რუსეთზე ენერგო დამოკიდებულება საფრთხის შემცველია არასაპარლამენტო ოპოზიციისთვისაც. მათთვისაც გაუგებარია რატომ ადევს გრიფით საიდუმლო ამ დოკუმენტს. ამბობენ, რომ სახელმწიფომ ბუნებრივი აირის შესყიდვის დივერსიფიკაცია უნდა მოახდინოს და მხოლოდ რუსეთსა და აზერბაიჯანზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. საქართველო ბუნებრივ აირს 80 %-ით აზერბაიჯანული სოკარიდან, 20%-ს კი რუსული გაზპრომისგან ყიდულობს.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის რუსულ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვენ უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტებიც. მათი განცხადებით, საქართველოს „გაზპრომთან“ 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით უკვე იზარალა და მნიშვნელოვანია ქვეყანამ რუსულ გაზში პოლიტიკური ფასი არ გადაიხადოს. 

სპეციალისტების და ოპოზციის არგუმენტები მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. მათი თქმით, „გაზპრომთან“ ყოველ წელს საიდუმლო ხელშეკრულება ფორმდება და წელს გამონაკლის არ არის.

კრემლის დაქვემდებარებულ კომპანიასთან ბოლოს ხელშეკრულების პირობები 2017 წელს შეიცვალა. გადაიხედა ტრანზიტის ხელშეკრულებაც. ბუნებრივი აირით რუსეთი სომხეთს საქართველოს გავლით ამარაგებს. ამ ტრანზიტში თითქმის 20 წელი საქართველო გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს იღებდა, 2017 წლის ცვლილებით კი ბუნებრივი აირის ნაცვლად კონტრაქტში ფულადი ანაზღაურება ჩაიდო, ოდენობა საიდუმლოა. თუმცა, სპეციალისტები, რომელებიც პირობებს იცნობენ, ამბობდნენ რომ საქართველომ ამ დათმობით, მნიშვნელოვნად იზარალა. ამ ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს გასდის. წლის ბოლომდე იმოქმედებს ახალი სატარიფო ხელშეკრულებაც, რომელიც გაზპრომთან 1 თვის წინ გაფორმდა.


close დახურვა