ქართულმა ოცნებამ შუალედური არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში კანდიდატი იქნება ირაკლი შატაკიშვილი, ხოლო ბათუმის საკრებულოს არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატად რამაზ ჯინჭარაძე დასახელდა. ამჟამად ჯინჭარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს.
"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ორივე არჩევნების მოგება. რუსთავი-გარდაბნის ოლქში არჩევნების მოგება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს. რაც შეეხება ბათუმის არჩევნებს, მასზე დამოკიდებულია ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისთვის", - განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ, ბათუმში კი საკრებულოს მაჟორიტარს. შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117 საარჩევნო უბანი, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება.