logo
ENG



ქარსელაძე რიკოთზე: შეუძლებელია, სანქცირებულ კომპანიას გაემარჯვა და გაფორმებულიყო კონტრაქტი

11 აგვ 202318:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/11/nboz8nlqhzwxwuc.jpg

ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ რიკოთის პროექტის სამშენებლო სამუშაოებში სანქცირებული კომპანიები ჩართულნი არ არიან.

გამართულ ბრიფინგზე ქარსელაძემ თქვა, რომ შესყიდვა ხორციელდება პროექტის დამფინანსებელი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პირობებით, ღია საერთაშორისო ტენდერით, რომელიც განმარტავს, თუ ვის შეუძლია ტენდერში მონაწილეობა და რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს.

"არის სამი ძირითადი ეტაპი, სადაც სავალდებულოა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის დასტური, მათ შორის დაწყებული სატენდერო პირობების დადასტურებით, დასრულებული ხელშეკრულების გაფორმებით. უბრალოდ შეუძლებელია ამ პროცედურების დაცვით, როგორც წარიმართა რიკოთი და ნებისმიერი სხვა ჩვენი მასშტაბური პროექტი, აი, ამ პირობებში სანქცირებულ კომპანიას გაემარჯვა და მასთან გაფორმებულიყო კონტრაქტი.

საუბარი იმაზე, რომ ესენი არიან სანქცირებული კომპანიები... ძალიან უცნაური უადგილო გაუგებარი [განცხადებები], "საქართველოს მთავრობამ რიკოთის პროექტი მისცა", "საქართველოს მთავრობამ რიკოთის პროექტი ჩააბარა"... არავისთვის არაფერი არ მიგვიცია, არ ჩაგვიბარებია და მხოლოდ ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროცედურის მკაცრი დაცვით მოხდა შესაბამისი კომპანიების შერჩევა", - განაცხადა ქარსელაძემ.

რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51,6კმ გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი. მშენებლობა ეტაპობრივად ჯერ კიდევ 2022 წელს უნდა დასრულებულიყო. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო გზის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფნის მანძილი 30 კილომეტრით შემცირდება, ხოლო მგზავრობის დრო განახევრდება. თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, პროექტის დასასრულს დასჭირდება 4-4,5 საათი.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, 45 გვირაბი უკვე დასრულებულია, ხოლო ხოლო 81 უკვე აშენებულია. აქედან 12 გვირაბით და 22 ხიდით უკვე 8 თვეა ვსარგებლობთ. მთლიანი პროექტის პროგრესი არის 86%. 

"გუშინ ჩვენ ვადევნებდით თვალს კამპანიას, რომლის ამოცანა არის პოლიტიკური. ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მოსახლეობის დაშინებისთვის, ხელოვნური სიმძაფრის შეტანისთვის და მით უფრო შოვის ტრაგედიის ფონზე", - განაცხადა ქარსელაძემ. 

პარტია ლელო საქართველოსთვის ცნობით, სამი ძირითადი კომპანია, რომელიც რიკოთზე სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს, ეჭვმიტანილია სხვადასხვა დანაშაულში და გახვეულია კორუფციულ სკანდალებში მსოფლიო დონეზე.

ლელოს ცნობით, ამ კომპანიების ნაწილი მსოფლიო ბანკის მიერაა სანქცირებული, ასევე ისინი მხილებულნი არიან კორუფციასა და უხარისხო მშენებლობებში.


close დახურვა