logo
ENG



ქაცარავა: სუს-ის განცხადების მიუხედავად, გახელაძის გატაცების ადგილას აქციას გავმართავთ

11 თებ 202116:14
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/11/fplt90nk89xxvcs.jpg

ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი დავით ქაცარავა "ფორმულასთან" საუბარში სუს-ის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შაბათს, 13 თებერვალს ზაზა გახელაძის გატაცების ადგილას აქცია აუცილებლად გაიმართება. სუს-მა დღეს, 11 თებერვალს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც  საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებების შედეგად გამოწვეული ნებისმიერი საპროტესტო აქცია, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის და ადგილზე წარმოდგენილი საპოლიციო დანაყოფების ფუნქციონირებას, საოკუპაციო რეჟიმის მიზნებსა და ამოცანებში ჯდება.

ქაცარავას თქმით, ანტისაოკუპაციო მოძრაობას სუს-თან აქციის გამართვა შეთანხმებული ქონდა და მისთვის დღევანდელი განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა.

"ჩვენ სუს-თან შეთანხმება გვქონდა. ხვალ ვაპირებდით ერთად გასვლას და ლოკაციის დათვალიერებას. დღევანდელი სუს-ის განცხადება ჩვენთვის სიურპრიზია, გამოდის, რომ რაღაც იცვლება. ჩვენ გეგმებს არ ვცვლით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აქცია ზაზა გახელაძის გატაცების ადგილას გაიმართოს და კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ რუსი ოკუპანტები გადმოდიან ჩვენს წესით კონტროლირებად ტერიტორიაზე და იტაცებენ ადამიანებს, ხოლო ჩვენი ხელისუფლება ამ ტერიტორიას ვერ აკონტროლებს", - აცხადებს ქაცარავა.

მისი თქმით, ანტისაოკუპაციო მოძრაობა აბსოლუტურად ობიექტურად აკრიტიკებს ხელისუფლებას იმ არგაღიზიანების პოლიტიკის გამო, რასაც მთავრობა ოკუპაციასთან მიმართებაში აწარმოებს.

ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. 

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა


close დახურვა