logo
ENG



ქაცარავა სუს-ში გარეჯის თემაზე დაიბარეს - ოპოზიცია ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს

03 ივნ 202020:37
3 წუთის საკითხავი
clock 212

დავით ქაცარავა უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მხარდამჭერებთან და თანამებრძოლებთან ერთად მივიდა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი გარეჯის საკითხზე დაიბარეს, თუმცა კონკრეტულად რა აინტერესებს საგამოძიებო უწყებას წინასწარ არ დაუკონკრეტებიათ. დავით ქაცარავა კი ამ დაბარებაში პოლიტიკურ საფუძველს ხედავს. ამბობს რომ ხელისუფლებას არ მოსწონს მისი ანტისაოკუპაციო საქმიანობა, რუსეთთან არგაღიზიანების პოლიტიკის ფონზე. ამ გზით კი მის გაჩუმებას და დაშინებას ცდილობს.

გარეჯის თემაზე კითხვები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. ამბობენ რომ საკითხი ძალიან ბუნდოვანია, ხოლო  სახელმწიფო კომისია რომელიც ამ თემაზე მუშაობს  - ჩაკეტილი. ეს ბუნდოვანება კი იმ ძალებს წაახალისებს ვინც ეთნიკური შუღლის გაღვივებით არის დაინტერესებული. მათ წინააღმდეგ კი სახელმწიფო არაფერს აკეთებს.

ოპოზიცია ხელისუფლების ორმაგ სტანდარტებზე ლაპარაკობს და სტრატეგიული პარტნიორების მიმართ  არასწორი ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებს. საკითხის გამწვავების მიზეზად  პრეზიდენტის განცხადებას ასახელებს, როცა სალომე ზურაბიშვილმა გარეჯში სტუმრობისას თქვა, რომ საზღვრები უნდა დადგინდეს.

„ქართული ოცნების“ წევრების პოზიცია კი სუს-ის ვერსიას ემთხვევა. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ გარკვეული ძალები ჯგუფები, რომლებიც პატრიოტულ მოტივებს არიან ამოფარებული, მტრის წისქვილზე ასხამენ ძალებს. ამით კი ქვეყნის სტაბილურობას უქმნიან საფრთხეს. 

ამავე შინაარსის ანგარიში სუსმა დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაქვეყნა.  მასში დავით გარეჯის გარშემო განვითარებული მოვლენები დესტრუქციულ კამპანიადაა შეფასებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ კამპანიაში ეროვნულ ფასეულობებს ამოფარებული ცალკეული პირები იყვნენ ჩართული.


close დახურვა