logo
ENG



ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ავარიის გამო დაკავებულ პირს ბრალი წარედგინა

18 აგვ 202014:38
3 წუთის საკითხავი
 
qclpacyxo2hf9w0.jpg

პროკურატურამ ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა ქვემო ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. 

უწყების ცნობით, დაკავებულმა 15 აგვისტოს, ღამის საათებში, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და ყოველგვარი ხელისშემშლელი პირობების გარეშე, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დაეჯახა გაჩერებულ ავტომანქანას და მის უკან მდგომ ქვეითებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი ადგილზე, ხოლო 2 საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, სხვა დაშავებულები მოთავსებული არიან სამედიცინო დაწესებულებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეცხრე ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) და 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) 18 აგვისტოს წარედგინა.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.


close დახურვა