ქვემო ქართლის რეგიონის მედია ორგანიზაციები Aktual.ge, 24News.ge და InterPress.ge მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმებს გმობენ და მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ, ობიექტურად გამოიძიონ დანაშაულებრივი ინციდენტი და დამნაშავეები კანონის ფარგლებში დასაჯონ.
"ქვემო ქართლის რეგიონის წამყვანი მედია ორგანიზაციები Aktual.ge, 24News.ge და InterPress.ge კატეგორიულად ვგმობთ TV Pirveli-ის, Formula Tv-ისა და სხვა მედია საშუალებების ჟურნალისტებზე თავდასხმას. ყველამ ვიცით, რომ ჟურნალისტი და ოპერატორი ომის დროსაც, მიკროფონით და კამერით, არის ხელშეუხებელი.
მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა და მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა საფრთხეს უქმნის როგორც სიტყვის, ასევე პრესის თავისუფლებას და ეს ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ეს არა მხოლოდ ზღუდავს საზოგადოების უფლებას ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, არამედ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ღირებულებებს.
მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ, ობიექტურად გამოიძიონ დანაშაულებრივი ინციდენტი და დამნაშავეები კანონის ფარგლებში დასაჯონ. არ დაგვავიწყდეს, რომ ჟურნალისტები წარმოადგენენ საზოგადოების სარკეს. სწორედ ისინი აშუქებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მოქალაქეებს აწვდიან ობიექტურ ინფორმაციას , ამიტომაც მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს!"- ნათქვამია განცხადებაში.