logo
ENG



ქვეყანაში ინფექციის იმპორტის წყაროები იზრდება

25 მარ 202020:05
3 წუთის საკითხავი
 

14 დღის ჩვილის დიაგნოზს ელოდებიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. კოვიდ 19-ზე ჩატარებული ტესტის პასუხი გვიან ღამით გახდება ცნობილი. ახალშობილი სუნთქვის მწვავე უკმარისობით მარნეულიდან გადმოიყვანეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. სპეციალისტებმა ბავშვის კავშირს მარნეულში დაინფიცირებულ ქალთან და მის ოჯახთან ვერ მიაკვლიეს. ისევ მძიმეა პირველი მარნეულელი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. 

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა და გაფართოვდა ქვეყანაში ინფექციის იმპორტის წყაროებიც. ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ საკარანტინო ზონების მასშტაბიც გაიზრდება. კოვიდ 19 დაუდგინდა კლინიკა მედ-კაპიტალის ექიმსაც, რომელიც ამერიკიდან დაბრუნებული სამედიცინო დაწესებულებაში გამოცხადდა და პაციენტებიც მიიღო, კლინიკა ახლაც ღიაა. 

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. პაციენტი ცოტახნის წინ ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნდა. ამერიკის გარდა, ახალი შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთიდანაც. მძიმეა რამდენიმე ინფიცირებულის მდგომარეობა, განსაკუთრებით 80 წელს გადაცილებული ქალის, რომელსაც დამატებით სეფსისიც დაუდასტურდა.

ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვა იტალიაში დაინფიცირებულმა 44 წლის მამაკაცმა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმედ ფასდებოდა. კლინიკას, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს  სამედიცინო ქსელის გეფას დირექტორიც, რომლის სამედიცინო ისტორიაც იტალიაში მოგზაურობას უკავშირდება. მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, ის სამსახურში იმყოფებოდა, სადაც თათბირს დაესწრო. ამ შემთხვევას სულ 6 კოვიდინფიცირებული უკავშირდება. აქედან ერთი ნიკოლოზ გამყრელიძეა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღანელის შვილს ვირუსზე ხვალ შეამოწმებენ. ექიმები ამბობენ, რომ იტალიის კლასტერის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საბოლოო ტესტის პასუხის მიღების შემდეგ ხვალ და ზეგ მათ სახლში გაწერენ. ამ დროისთვის თბილისის ინფექციური საავადმყოფო უკვე 10-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

დაინფიცირებულების საშუალო ასაკი 37 წელია, ყველაზე პატარა კოვიდ 19-ის მატარებელი 2 წლისაა, უფროსი კი 82-ს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ მკაცრი საკარანტინო ზონების არეალი გაიზარდოს.

მკაცრ კარნტინის ზონაში სწრაფი ტესტებით მოსახლეობის შემოწმება სავარაუდოდ ხვალიდან დაიწყება. სპეციალურად შექმნილი ჯგუფები მუნიციპალიტეტებში მოსახლეობას უკვე 2 დღეა ამოწმებენ. შემოწმდა დაინფიცირებული ქალის ახლო კონტაქტებიც, ამ დროისთვის 4-ს დაუდასტურდა ვირუსი. ჯერ კიდევ უცნობია ვინ იყო ინფექციის წყარო, მას სამართალდამცველები რამდენიმე დღეა ეძებენ. 

 


close დახურვა