სამომხმარებლო კალათის გარდა, მოსახლეობას ლარის გაუფასურების შედეგად კრედიტებიც გაუძვირდა. საზოგადოება, რომელსაც არსებობა გაურთულდა, მთავრობისა და ეროვნული ბანკისგან რადიკალურ ქმედებებს მოითხოვს. უნისეფის ბოლო კვლევის მიხედვით, რომელსაც ოფიციალური ვერსიით, პრემიერი კვირიკაშვილი შეეწირა, ქვეყანაში ისედაც გაზრდილი იყო ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები.
ამის მიზეზი კი სწორედ სამომხმარებლო ფასების ზრდა, შენელებული ეკონომიკური ზრდის ტემპი და უმუშევრობის მაღალი დონეა. შედეგად, გაზრდილი ფასებით პროდუქტის შეძენას მოქალაქეების დიდი ნაწილი ვეღარ ახერხებს და სამომხმარებლო კალათიდან სულ უფრო მეტ სურსათზე უწევს უარის თქმა.
გაზრდილი ფასების გამო, მყიდველის შემცირებას უჩივიან მოვაჭრეები. აცხადებენ, რომ დღის ბოლოს გამომუშავებული თანხით ოჯახის რჩენა უჭირთ. ხშირად დახლის საფასურსაც ვერ იხდიან, რადგან მყიდველი არ ჰყავთ.
სპეციალისტების ვარაუდით, ფასები კიდევ უფრო მოიმატებს. ერთადერთი მცირეხნიანი შეღავათი, შესაძლოა, წინასაარჩევნო პერიოდი გახდეს, როდესაც ხელისუფლება ხმების მისაღებად სიტუაციის დარეგულირებას შეეცდება.
პროდუქტების ფასი კიდევ უფრო მოიმატებს წინასაახალწლო პერიოდში, ამიტომ მოსახლეობის ნაწილი პროდუქტს უკვე იმარაგებს.