logo
ENG



ქვეყანა უნდა გადავიდეს ქამრების მოჭერის პოლიტიკაზე - გოცირიძე

23 მარ 202020:38
3 წუთის საკითხავი
 

ეროვნული ვალუტა გაუფასურების რეკორდებს ხსნის. ლარის გაცვლითი კურსი უკვე ბევრად აჭარბებს ისტორიულ მაქსიმუმს დოლართან მიმართებით.

ძირითად ფაქტორებს შორის ფულადი გზავნილების, ტურიზმის, ინვესტიციებისა და ექსპორტის მნიშვნელოვანი კლებაა. ლარის კურსზე დრამატულად მოქმედებს გაურკვევლობა და პანიკაც. როგორც ჩანს, მოსახლეობა დანაზოგს დოლარში აკეთებს, რაც ეროვნულ ვალუტას კიდევ უფრო ასუსტებს.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა სცადოს ლარის მეტად გაკონტროლება საშუალლო- და გრძელვადიან პირობებში.

„მოკლევადიანი პერიოდში არ არსებობს არაფერი, რაც ლარს დაასტაბილურებს, მაგრამ ერთობლივი ძალებით ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ უნდა სცადოს ლარის კონტროლი გრძელვადიან პირობებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებაში შეიქმნება პანიკა", - ამბობენ ექსპერტები.

სპეციალისტების თქმით, ლარის ასეთმა გაუფასურებამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური დეპრესია, რაც მოსახლეობისთვის კიდევ უფრო რთული იქნება.

„უნდა დავინახოთ კომპრომისი - ბრძოლა კორონავირუსთან და ბრძოლა ეკონომიკასთან, ახლა ორივეს ვებრძვით და შედეგად ეკონომიკური დეპრესია გვექნება, რაც არანაკლებ მძაფრი იქნება მოსახლეობისთვის. მე მგონი, უნდა ვიფიქროთ ოდნავ მაინც შევამსუბუქოთ ეკონომიკური დარტყმა", - ამბობს გიგა ბედინეიშვილი

მთავრობის მხრიდან გრძელვადიანი ჩარევების მოლოდინი ოპოზიციაში არ აქვთ და გამოსავალს დონორი ორგანიზაციებიდან აღებულ სესხში ხედავენ.

„ახლა საკვანძოა სავალუტო დახმარების მოძიება დოლარის სახით, გადასახადების დაწევა და საბანკო რეგულაციების შემსუბუქება ბანკებისთვის - ეს შეანელებს ამ პროცესს, მაგრამ ვერ შეაჩერებს", - ამბობს გიგა ბოკერია.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ამბობენ, რომ ახალი ბიუჯეტია შესადგენი, რათა არასაჭირო ხარჯები მინიმუმამდე დავიდეს.

„დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას ახალი ბიუჯეტი - უნდა ამოიყაროს არასაჭირო ხარჯები, ქვეყანა უნდა გადავიდეს ქამრების მოჭერის პოლიტიკაზე. დღეს უკვე ე.წ. სტიმულირების დრო არაა, ახლა სტაბილიზაციის დროა", - აცხადებს რომან გოცირიძე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე ლარი 55 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის შემაკავებელი მექანიზმებისა და ბაზარზე დოლარის გამოტანის მიუხედავად, ლარის გამყარება მხოლოდ ერთდღიანი აღმოჩნდა.


close დახურვა