logo
ENG



ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში მასწავლებელმა მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა

16 ოქტ 202315:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/16/04fqkn6ms5c1mwg.jpg

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში ქართული ენის მასწავლებელმა მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, მან მოსწავლეს თმაზე მოქაჩა, ფაქტის ამსახველი ვიდეო კი მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ინფორმაციას TV 25 ავრცელებს. 

ბათუმელებთან საუბრისას სკოლის დირექტორმა დაადასტურა მომხდარი და თქვა, რომ ინციდენტი 2 კვირის წინ მოხდა. მისივე თქმით, მასწავლებელმა სკოლა საკუთარი განცხადების საფუძველზე უკვე დატოვა.

"ორი კვირის წინ იყო ინციდენტი, საგაკვეთილო პროცესში ქართულის გაკვეთილზე მასწავლებელმა თმა მოქაჩა მოსწავლეს და როგორც კი ეს ფაქტი ცნობილი გახდა, დაიწყო დისციპლინური მოკვლევა, მასწავლებელმა მოკვლევის დაწყებისთანავე დაწერა განცხადება და საკუთარი სურვილით წავიდა სკოლიდან", - უთხრა სკოლის დირექტორმა გამოცემა ბათუმელებს.

ამასთან, სკოლის დირექტორმა დაადასტურა, რომ ფაქტი მოსწავლეებმა ტელეფონით გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. 

"ჩვენთვისაც ეს ფაქტი სოციალური ქსელის მეშვეობით გახდა ცნობილი", - ამბობს სკოლის დირექტორი. 

TV 25-ს მანდატურის სამსახურში განუცხადეს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე შედგა დარღვევის აღრიცხვის ფურცელი, მოსწავლეს კი ფსიქოსოციალური მომსახურება შესთავაზეს.


close დახურვა