logo
ENG



ქუთაისის მერი თანამდებობიდან ისე წავიდა, რომ 6 მცდელობიდან დროშა ვერცერთხელ ვერ დაკიდა

08 აპრ 202020:25
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის მერი თანამდებობიდან ისე წავიდა, რომ 6 მცდელობიდან ვერც ერთხელ, მისი მმართველობის დროს ქალაქის შემოსასვლელთან დროშა ვერ დაკიდა. გიორგი ჭიღვარია ისე გადადგა, რომ მიზეზები არ დაუსახელებია. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეს მის შეუსრულებელ დაპირებებს არ უკავშირდება და მმართველი გუნდის კარზე არსებულ კლანებს შორის დაპირისპირების შედეგია. 

ქუთაისის ყოფილმა მერმა გიორგი ჭიღვარიამ გადადგომის შესახებ „ფეისბუქში“ დაპოსტა, თუმცა მიზეზებზე არ უსაუბრია. ფორმულას ინფორმაციით, მას თანამდებობის დატოვება არ სურდა, მაგრამ გუშინ გვიან ღამით გამართულ თათბირზე აიძულეს. 

ქუთაისის საკრებულოს წევრები გიორგი ჭიღვარიას გადადგომას შიდა პოლიტიკური დაპირისპირებითა და ინტრიგებით ხსნიან. მათი შეფასებით, ჭიღვარიას გადადგომა სუს-ში კლანებს შორის ბრძოლას უკავშირდება. იმერეთის გუბერნატორი კი ამტკიცებს, რომ ეს ჭიღვარიას პირადი გადაწყვეტილება იყო.

იმერეთში ეს მეორე შემთხვევაა, როცა არჩეული მერი თანამდებობას ტოვებს. 1 აპრილს თანამდებობა დატოვა თერჯოლის მერმა ბონდო სოფრომაძემ. მან გადადგომის მოტივად „პირადი მიზეზები“ დაასახელა. მანამდე თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა კასპის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა. მოტივად კერძო სექტორში გადასვლა დაასახელა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ის რეგიონის გუბერნატორთან იყო დაპირისპირებული.რამდენიმე დღის წინ გადადგა  ონის მერი ემზარ საბანაძე. ის შს მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის მამაა. 

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მერების გადადგომა წინასაარჩევნო პოლიტიკური პროცესია. ივანიშვილი იყენებს საგანგებო მდგომარეობას და იშორებს ყველას, ვინც რეგიონებში ავტორიტეტის მოპოვება ვერ შეძლო. გადაყენების პარალელურად კი თანამდებობებზე თერჯოლის შემთხვევაში მამუკა მდინარაძის კლასელს, სამეგრელოს შემთხვევაში კი გახარიასთან დაახლოებულ კადრს, მალხაზ თორიას ნიშნავს.

გიორგი ჭიღვარია ის მერია, რომლის პორტრეტიც ქუთაისელმა მხატვრებმა იტალიაში კოზენცას მერის გვერდით გამოფინეს. მანვე მოიპოვა ყველაზე თეატრალური მერის სტატუსიც. ორი წლის განმავლობაში კი იმითაც გახდა ცნობილი, რომ ქალაქის შესასვლელში დროშა ვერ დაკიდა. ის საქმიანობას ქუთაისის უნივერსიტეტში პრორექტორად გააგრძელეს.

 


close დახურვა