logo
ENG



ქურდოვანიძე: საოლქო კომისიები არც კი ხდიან სადავოდ იმას, რომ ბიულეტენები ჟონავდა

01 ნოე 202418:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/01/w1re73m10yanrag.jpg

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ ბიულეტენები "ჟონავდა". ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით საია-მ საოლქო კომისიებში საჩივრები შეიტანა, რომელთა განხილვა გუშინ იყო. 

"ოლქებმა უკვე ჩაგვაბარეს გადაწყვეტილებები ხმის ფარულობის საკითხზე. არც კი ხდიან სადავოდ იმას, რომ კამერები ყველგან იდგა და ბიულეტენები ჟონავდა. ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ყველაფერი ამომრჩეველს დააბრალოს.მოკლედ რომ შევაჯამოთ, ცესკო გვეუბნება, რომ ბიულეტენი კი ჟონავს, მაგრამ ამომრჩეველი თუ მოხერხებული იქნებოდა, შეძლებდა დაეფარა გაფერადებული წრე უკანა მხარეს, რომელიც წესით მარტო წინა მხარეს უნდა ჩანდეს.

24 მოსამართლეს, ვისაც დღეს და ხვალ ჩვენი 24 სარჩელი დაეწერება, ეძლევა შანსი, ეს აბსურდი დაასრულოს", - წერს ქურდოვანიძე ფეისბუქზე.

არჩევნების დღეს ბიულეტენებისთვის გამოყენებული ქაღალდის ხარისხმა, რამაც ფარულობის დარღვევა გამოიწვია, ბევრი კითხვა გააჩინა. სოციალურ ქსელში არაერთი ფოტო და ვიდეო მასალა გავრცელდა, სადაც ნათლად ჩანს, რომ ბიულეტენის გაფერადების დროს, ქაღალდის უკანა მხრიდან შავი წრე შეიმჩნეოდა. გარდა ამისა, უშუალოდ მანქანაში ბიულეტენის შეცურებისას კი ფარულობა არ იყო დაცული, რადგანაც ჩარჩო კონვერტის მიუხედავად, იმ მომენტში როდესაც მანქანა ბიულეტენს იღებდა, ბიულეტენის ნაწილი მაინც ხილვადი იყო და უკანა მხარეს გაფერადებული წრე ჩანდა.

30 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განაცხადეს, რომ ცესკო-ს 17 სექტემბერს მიმართეს წერილით, სადაც მათ შორის, ბიულეტენის ხარისხზე მიუთითეს და თქვეს, რომ უნდა მიღებულიყო ზომები პრობლემის აღმოსაფხვრელად. პასუხად ცესკო-ში უთხრეს, რომ სასწავლო ეტაპზე სატესტო ვერსიის ბიულეტენს იყენებდნენ, არჩევნების დღეს კი ფარულობა იქნებოდა უზრუნველყოფილი.

"ბიულეტენების სისქე არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ უკანა მხარეს [მარკერს] არ დაეტოვებინა შესაბამისი კვალი. ეს არღვევდა ფარულობას მასშტაბურად და შესაბამისად ამომრჩეველს არ ეძლეოდა შესაძლებლობა, საკუთარი ხმა ფარულად დაეფიქსირებინა" - აცხადებენ საია-ში.

ცესკო ირწმუნება, რომ  ქაღალდი, რომელზეც მოქალაქეები საკუთარ  არჩევანს აფერადებდნენ, უფრო სქელია, ვიდრე რეკომენდებული იყო. 


close დახურვა