„დროების" ინფორმაციით, დაახლოებით ერთი თვის წინ, 17 ან 18 ივნისს, შავნაბადის ბაზაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც დააკავეს იოსებ მჭედლიშვილი - ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მოქმედი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაცვის ყოფილი წევრი.
იოსებ მჭედლიშვილი, იგივე "ზლოი", დაკავებამდე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, შავნაბადის ბაზაზე მუშაობდა. როგორც "დროებას" სანდო წყარო უყვება, ზლოი ბაზაზე განაღმვის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.
წყაროს ინფორმაციით, მჭედლიშვილი სწორედ შავნაბადის ტერიტორიაზე დააკავეს. სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, მისი სამუშაო კაბინეტის სეიფიდან 8 აბი სუბოტექსი, ხოლო, სავარაუდოდ, მის მფლობელობაში არსებული ავტომობილების ე.წ. დაშლილი ნაწილების მაღაზიიდან 141 აბი სუბოტექსი ამოიღეს.
წყაროს ცნობით, გამოძიება დამატებით 500 აბს ამ დრომდე ეძებს.
იოსებ ზლოი მჭედლიშვილმა შავნაბადის ბაზაზე მუშაობა ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ დაიწყო. "დროების" ინფორმაციით, უსამსახუროდ დარჩენილი პირადი დაცვის წევრს ახალ სამსახურში ლობირება სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა გაუწია.
იოსებ მჭედლიშვილის სასამართლო პროცესი 4 აგვისტოს გაიმართება.