logo
ENG



ღარიბაშვილი: ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი!

01 სექ 202111:46
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაკროფინანსური დახმარების არმიღების შესახებ კრიტიკაზე ამბობს, რომ "ევროპარლამენტარი არ არის მისი უფროსი". ჟურნალისტებთან საუბრისას იგი მათ "ზედაპირული განცხადებების" გაკეთებაში ადანაშაულებს. 

"ევროპარლამენტარი არ არი ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი. ეს ერთი. თუ მათ აინტერესებთ რეალურად საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა, მათ უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ", - თქვა ღარიბაშვილმა. 

ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, მოიტყუეს თუ არა ევროპარლამენტარებმა, ღარიბაშვილი პასუხობს: 

"არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა, მე ვეუბნები ჩვენს ხალხს, რომ ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებით სესხის აღებაზე ვთქვით უარი".

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ მაკროფინანსურ დახმარებაზე უარი კანონის უზენაესობაზე უარს ნიშნავს.

"ფინანსური დახმარების მოთხოვნაზე უარი ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ ქართველი ხალხი დარჩება ფინანსური დახმარების გარეშე, ასევე, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს კანონის უზენაესობაზე, შესაბამის და გამართულ სასამართლო სისტემაზე, საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს, დანიშნოს მოსამართლეები ისეთი სახით, რაც შეესაბამება ევროპულ სისტემას", - თქვა მან. 

ასევე, ფორმულას ეთერში, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის სულერთია ევროკავშირის წევრობა:

"დღევანდელი გადაწყვეტილებით მთავრობამ განაცხადა, რომ სრულიად სულერთია მისთვის, შეუერთდება თუ არა ევროკავშირს. ის, რომ აპრილში ხელი მოაწერეს მიშელის დოკუმენტს ორჯერ და ორჯერვე გადააგდეს ეს დოკუმენტი, ვერ ვხედავ ვერანაირ ინტერესს საქართველოს მთავრობისგან, გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვერ ვხედავ ინტერესს, შეიტანონ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე". 

მანამდე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა ბრიფინგი, სადაც კარლ ჰარცელის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა. კერძოდ, საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. 

მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ მაკროფინანსური დახმარება კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მიუთითებს მართლმსაჯულების რეფორმისკენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე.

ეს ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული ახალი მესიჯბოქსია.

ღარიბაშვილის თქმით, EU ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება". 

გუშინ, 30 აგვისტოს ამ თემაზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა. მან თქვა, რომ ევროკავშირის მიერ დახმარების სახით 75 მილიონი ევროს მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, ვინაიდან საქართველოს ბიუჯეტში, "მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ისედაც გროვდება დამატებით 1 მილიარდი ლარი". 

 

close დახურვა