logo
ENG



ღარიბაშვილი: რუსეთისთვის სანქციებით ჩვენს მოქალაქეებსა და ქვეყანას დავუწესებდით სანქციებს

27 მაი 202215:49
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება ნიშნავდა, რომ საქართველო საკუთარ მოქალაქეებსა და ქვეყანას დაუწესებდა სანქციებს.

ღარიბაშვილის თქმით, ის, რომ საქართველომ არ დაუწესა ეკონომიკური სანქციები რუსეთს, „ეროვნული ინტერესებითაა ნაკარნახევი“.

მისივე თქმით, საქართველომ, პოლიტიკურ დონეზე, ყველა საერთაშორისო ფორმატში დაუჭირა მხარი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს.

"საქართველომ არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს, ერთადერთი ძალიან სწორი მიზეზით, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან ნაკარნახევი. მე პირველივე გამოსვლიდან ვთქვი, რომ ჩვენ არ დავაწესებთ ისეთ სანქციებს, რაც ჩვენ ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს. 1 მილიონი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში, გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენი ქვეყანა დროებით ოკუპირებულია და რუსული ჯარი დგას ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამ ფონზე, კარგად მოგეხსნებათ, რომ სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციაზე, რა თქმა უნდა, ნიშნავდა იმას, რომ საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყანას დავუწესებდით სანქციებს, აქედან გამომდინარე, მიუხედავად ჩვენი სოლიდარობისა უკრაინის მიმართ, ვთქვით, რომ ვიხელმძღვანელებთ მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და ამ გადაწყვეტილებას ვერ შეგვაცვლევინებს ვერავინ", - თქვა ღარიბაშვილმა.


close დახურვა