ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველომ ევროინტეგრაციის კუთხით კონკრეტულ შედეგებს მიაღწია. მისი თქმით, ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ ექნებოდა.
ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ასოცირების ხელშეკრულების პროცესი გაჭიანურებული იყო და ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის პირობებში დაჩქარდა.
„ჩვენ გვაქვს ხელშესახები, ჩამოსათვლელი რამდენიმე კონკრეტული შედეგი: ასოცირება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა, რომელზეც უბრალოდ ოცნებაც კი არ შეიძლებოდა სააკაშვილის პირობებში. თქვენ ხომ კარგად იცით, დღეს რომ ყოფილიყო სააკაშვილი, ქვეყანა რომ არ იქნებოდა ეს ცალკე თემაა, მაგრამ არავითარი პერსპექტივაც არ გვექნებოდა. გაცხადებულად, დეკლარირებულად ისინი მიექანებოდნენ სხვა მიმართულებით.
3 წელი ასოცირების შეთანხმების კონსულტაციების პროცესი იყო გაჭიანურებული. ჩვენ მოვედით, ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ მოვაწერეთ, ჩვენ გავაკეთეთ. უვიზო რეჟიმი და ასოცირების შეთანხმების სხვა პროცესი უკრაინას მანამდე, ჩვენამდე ჰქონდა დაწყებული, მათ შორის მოლდოვასაც და ა.შ. ჩვენ ამხელა პროგრესი გავაკეთეთ და რეალური შედეგები მოვუტანეთ ქვეყანას." - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეავნდელ ბრიფინგზე.