logo
ENG



ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

19 სექ 202210:52
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

"დაზვერვის სამსახური ნებისმიერი ქვეყნისათვის უსაფრთხოების სისტემის საკვანძო ელემენტია. დღეს, გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, თქვენი ინსტიტუტის როლი კიდევ უფრო გაზრდილია. საქართველოს სჭირდება ძლიერი დაზვერვის სამსახური. შესაბამისად, გისურვებთ ინსტიტუციურ განვითარებას და წინსვლას.

​გარწმუნებთ, რომ თითოეული თქვენგანის საქმიანობა, რომელსაც სახელმწიფოს სასარგებლოდ ეწევით, ჩემთვის მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. წარმატებას ვუსურვებ დაზვერვის სამსახურის როგორც დამწყებ თანამშრომლებს, ისე გამოცდილ პროფესიონალებს.

მადლობა ერთგულებისა და იმ უდიდესი ვალდებულების გრძნობისთვის, რომელსაც სამშობლოს წინაშე განიცდით! წარმატებებს გისურვებთ თქვენ და საქართველოს!". - აცხადებს ღარიბაშვილი. 

პრემიერმინისტრმა მილოცვა ტოტალური მოსმენების შესახებ ინფორმაციის კიდევ ერთხელ, 17 სექტემბერს გავრცელების შემდეგ გაავრცელა. 

ტელეკომპანია პირველისთვის წყაროს მიერ სუს-იდან მიწოდებული მასალების თანახმად, ოპოზიციურ პარტიებში აგენტები არიან ჩანერგილები

არხის ცნობით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების აქტივობებს პარტიის ახალგაზრდული ფრთების წევრებად დარეგისტრირებული ადამიანები აღბეჭდავენ და სუს-ს აწვდიან, ისევე, როგორც შიდა ჯგუფში პარტიის წევრების მიერ გაცემულ დავალებებს. 

სიუჟეტის თანახმად, ჩანერგილი ადამიანები ძირითადად სტუდენტები არიან. თუმცა, არხმა მათი ვინაობა არ დაასახელა. 

ტვ პირველისთვის მიწოდებული მასალების მიხედვით, უთვალთვალებენ ოპოზიციონერი დეპუტატების პირად აქტივობებსაც. ახალგაზრდულ ფრთაში ჩანერგილი ადამიანები უთვალთვალებენ ლელოს წევრებს. 

ასევე, უთვალთვალებენ ენმ-ის წევრს, ხატია დეკანოიძეს. სუს მას მაშინაც აკვირდებოდა, როცა პოლიტიკოსი ექიმთან მიდიოდა, ასევე, როცა დედასთან და შვილთან ოჯახის ფინანსურ საკითხებს განიხილავდა. 

უთვალთვალებენ თაკო ჩარკვიანს, შალვა ნათელაშვილს, გირჩს, გიგა ბოკერიას, ასევე, გიორგი გახარიას და მისი გუნდის წევრებს და აღრიცხავენ მათ ისეთ ქმედებებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ამ ადამიანების საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებასთან. მაგალითად, ნათელაშვილს უთვალთვალებდნენ მისი სიძის გასვენებაში. ასევე, სუს-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ "გიგა ბოკერია ოჯახთან ერთად იმყოფება გუდაურში". 

ხმოვანი მასალების მიხედვით, რომლებიც ტვ პირველმა ეთერში გაუშვა, ერთმანეთთან ლაპარაკის დროს სუს-ის წევრები ამბობენ, რომ მათ თითო ადგილას "2-3 წყარო ყავთ". 

ტვ პირველის მასალის მიხედვით ჩანს ისიც, რომ უთვალთვალებდნენ აშშ-ის ელჩს. ტელეკომპანიამ დაასახელა 2 ოპერმუშაკის სახელი - პაპუნა ფარცვანია და მირიან ხუროშვილი. 

ისინი კელი დეგნანს უთვალთვალებდნენ მაშინ, როცა ის მაკდონალდსის გახსნას დაესწრო. სიუჟეტის მიხედვით, შესანიღბად მაკდონალდსში ისინი რიგითი მომხმარებლებივით იქცეოდნენ, ხოლო იმის დასადასტურებლად, რომ ისინი პოსტზე იყვნენ, საკუთრ თავს ფოტოები გადაუღეს და უფროსობას გაუგზავნეს. 

ერთი წლის წინ, 2021 წლის 13 სექტემბერს ინტერნეტში გაჟონა სუს-ის ათასობით ფაილმა, რომლებშიც სასულიერო პირების თვალთვალის შედეგები იყო აღრიცხული. მასალებით გამოჩნდა, რომ ასევე უთვალთვალებდნენ ჟურნალისტების, პოლიტიკოსებს და დასავლელ ელჩებს. 


close დახურვა