logo
ENG



ღარიბაშვილი ევროპის სახალხო პარტიას საქართველოს საწინააღმდეგო ქმედებებში ადანაშაულებს

01 სექ 202111:40
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირზე საუბრისას ევროპის სახალხო პარტია გააკრიტიკა და საქართველოს საწინააღმდეგო ქმედებებში დაადანაშაულა.

ის ამტკიცებს, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, EPP ქართულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილზე ევროკავშირში ცრუ ინფორმაციებს ავრცელებდა.

"2012 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ არჩევნები არ იყო დასრულებული, როცა ევროკავშირის სახალხო პარტიის წარმომადგენლები თბილისში ჩამოდიოდნენ და ძალიან ზედაპირულ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ და შემდეგ ჩადიოდნენ ევროკავშირში და ცრუ ინფორმაციებს ავრცელებდნენ, მათ შორის ქართული ოცნების, ყოფილი დამფუძნებლის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის თაობაზე, ეს ჩვენ კარგად გვახსოვს ყველას", - თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, 2014 წელს, როცა ქვეყანა უვიზო რეჟიმის მიღებაზე მუშაობდა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, EPP-ის მეშვეობით, ცდილობდნენ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მიეღო.

"ამის შემდგომაც ჩვენ ვნახეთ, რომ თუნდაც 2014 წელს... ვიცით, რომ EPP, ეს სახალხო პარტია არის ნაციონალური მოძრაობის დედა პარტია, მთავარი პარტია, ქოლგა პარტია, რომელიც არის მათი პარტნიორი და სახალხო პარტიის, ამ გაერთიანების წევრია ნაციონალური მოძრაობა. ისინი, ტრადიციულად, არიან სოლიდარულები მათ მიმართ, არ აინტერესებთ, რეალურად რა ხდება, რამდენად მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი თუ არ აქვთ, არ ჩადიან საქმის ვითარებაში, არსში არ ერკვევიან და აკეთებენ ასეთ სუბიექტურ, მიკერძოებულ განცხადებებს.

ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ 2014 წელს, მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა მუშაობდა აქტიურად უვიზო რეჟიმის მიღებაზე, მაშინ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, დაწყებული სააკაშვილით, ბაქრაძით, კანდელაკით და სხვებით, აქტიურად მუშაობდნენ სწორედ ამ ევროპარლამენტარების და EPP-ის წარმომადგენლების მეშვეობით, რომ საქართველოს, ჩვენს მოქალაქეებს რამენაირად არ მიეღოთ უვიზო რეჟიმი. აი, ეს არის სწორედ ანტისახელმწიფოებრივი, მავნებლური პოლიტიკა.

ამას გარდა შემდეგ არაერთი მცდელობა იყო და ბოლოს ჩვენ ვნახეთ სწორედ სააკაშვილისა და ისევ ამ სახალხო პარტიის ჩართულობა, რომ… რა თქმა უნდა, სააკაშვილს ბრალდება. სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის წევრების აქტიური ჩართულობით იყო მცდელობა, რომ გარკვეული ფინანსური სანქციები დაწესებულიყო, ეს რომ თავიდან აგვერიდება და სპეკულაციები დაგვესრულებინა, სწორედ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

EPP ევროკავშირში ყველაზე მსხვილი გაერთიანებაა. მის წევრებს საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გაუკრიტიკებიათ ქვეყანაში პოლიტიკური დევნისა და არადემოკრატიული ნაბიჯების გამო.

ღარიბაშვილის მხრიდან ევროპარლამენტარების კრიტიკის ახალი ტალღა ფინანსური დახმარების არმიღებას მოჰყვა. ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით კი, საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა. კერძოდ, საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. 


close დახურვა