„ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი“ - ასე აფასებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას.
მისი განცხადებით, ვანო მერაბიშვილი 9-წლიანი დანაშაულებრივი სისტემის ერთ-ერთი შემოქმედია, რომელიც გიგა ბოკერიასთან და მიხეილ სააკაშვილთან ერთად მოქმედებდა.
„არავითარი განსაკუთრებული არ მომხდარა და არც მოხდება. ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ახსოვთ, როგორც ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ დანაშაულებრივი სისტემის, რომლიც მან ბოკერიასთან და სააკაშვილთან შექმნა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ, ყოფილმა მაღალჩინოსანმა მედიასთან რამდენიმე განცხადებაც გააკეთა. მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ის პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება. ის ასევე მიესალმება ოპოზიციის კონსოლიდაციას და პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა "ქართული ოცნება" ხელისუფლებას ჩამოშორდეს. გარდა ამისა, ყოფილ პრემიერს ჯერ არ გადაუწყვეტია თუ რომელ პარტიას შეუერთდება, თუმცა განაცხადა, რომ ყველა გუნდთან გამართავს კონსულტაციებს.