logo
ENG



ღარიბაშვილი ნიუ იორკში ერდოღანს შეხვდა

18 სექ 202300:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/18/kejcfy8rk16pcqp.jpg

აშშ-ში მყოფი საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მათ ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე "რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს, ასევე, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგები მიმოიხილეს და სამომავლოდ თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები დასახეს".

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველომ და თურქეთმა თანამშრომლობის მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, რაც აისახა როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ განზომილებაში. მისი თქმით, არსებული რეგიონული პროექტები ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის, მდგრადი განვითარებისა და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია საქართველოსა და თურქეთს შორის, რაც მეტ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებასა და მედეგობას მოუტანს ორივე ქვეყანას.

"მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საკითხების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით დარეგულირების მნიშვნელობას.

მთავრობის მეთაურმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე – ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ღარიბაშვილი შტატებში 16 სექტემბერს გაემგზავრა.


close დახურვა