logo
ENG



ღარიბაშვილი სენატორების წერილზე: არასწორი აღქმებიდან არის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული

27 აპრ 202414:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/27/thum609ea6f5c2p.jpg

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი სენატორების წერილს ეხმაურება, რომელიც მათ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს რუსულ კანონთან დაკავშირებით გაუგზავნეს.

ღარიბაშვილის თქმით, სენატორების წერილში "არასწორი აღქმებიდან არის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული". ამასთან, ის აღნიშნავს, რომ საჭიროა, მმართველმა პარტიამ "დაარწმუნოს ამერიკელი და ევროპელი მეგობრები, რომ საქართველო რაიმე უჩვეულოს არ აკეთებს".

"ჩემი სურვილია, რომ ჩვენ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ჩვენს მეგობრეთან. თუ რაიმე ბუნდოვანება, თუ რაიმე გაუგებრობაა, ეს გაუგებრობა, ეს კითხვები უნდა იქნას განხილული დახურულ კარს მიღმა. ეს არის ჩემი გულწრფელი სურვილი.

რაც შეეხება ამ [სენატორების] წერილს, მეც გავეცანი ამ წერილს. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა. ალბათ, უნდა ვთქვათ, რომ არასწორი აღქმებიდან არის ამ წერილში შინაარსი და პათოსი განსაზღვრული. ერთს დავამატებდი, რომ საჭიროა, გაგრძელდეს დიალოგი, კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს პარტნიორებთან. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ აქ რაიმე უჩვეულოს საქართველო არ აკეთებს და არ არის გამიზნული, რომ საქართველომ გადაუხვიოს ევროინტეგრაციის გზას. ეს არათუ გადაჭარბებული, რბილად რომ ვთქვათ, საფუძველმოკლებული განცხადებაა", - ამბობს ღარიბაშვილი.

14 ამერიკელი სენატორი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ. 

წერილში სენატორები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და პრემიერს აფრთხილებენ, რომ თუ ხელახლა ინიცირებული "უცხოური აგენტების კანონპროექტი" კანონი გახდება, ისინი იძულებულნი გახდებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

სენატორის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი წერილი სხვა განცხადებებს შორის ყველაზე მკაცრია. ორპარტიული წერილის გაგზავნას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყველაზე მაღალი რანგის რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯეიმს რიში ხელმძღვანელობდნენ.

სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, უკან გაიწვიოს კანონი, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს და ასევე, აჩენს ინდივიდუალურ პირებზე სანქციების დაწესების, მთავრობის პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტის და სავიზო შეზღუდვების გაფართოების დიდ ალბათობას.


close დახურვა