logo
ENG



ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ფრენებს "პოლიტიკასთან შემხებლობა არ აქვს"

27 მაი 202312:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/27/oxl91wteyx22oc0.jpg
საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ფრენები მხოლოდ ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობების "შემადგენელია" და მას "პოლიტიკასთან შემხებლობა არ აქვს". ამის შესახებ მან დიასპორის ფორუმზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებაში "განსაკუთრებული არაფერია".

"ჩვენ ვთქვით, რომ ფრენები არის შემადგენელი ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობების, ამას არავითარი შემხებლობა არ აქვს არც პოლიტიკასთან, არც საერთოდ არაფერთან და ვთქვით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენს ერთ მილიონ დიასპორას და მათ ნათესავებს, ოჯახებს, სჭირდებათ თავისუფალი გადაადგილება.

მოლდოვას დღეს აქვს უვიზო რეჟიმი, უკრაინას, მე მგონი, აქვს დღეს უვიზო რეჟიმი, ყოველ შემთხვევაში, ჰქონდა ომამდე, თუ არ ვცდები. ამიტომ აქ არაფერი არ არის განსაკუთრებული, პირიქით, ყველაფერი რაც გაუიოლებს ჩვენს მოქალაქეებს მოძრაობას, გადაადგილებას, ბიზნესს, რა თქმა უნდა, არის ძალიან კარგი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მოგვიანებით ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ვლადიმერ პუტინის განცხადებას უპასუხა - მისი თქმით, აქვს "განცდა", რომ რუსეთის პრეზიდენტი ქართული ხელისუფლების მხრიდან ფრენების აღდგენის მოთხოვნაზე რეალურად სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ქართული ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ გადადგა. პუტინის თქმით, მისთვის გაუგებარი იყო ის რეაქცია, რომელიც სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენას მოყვა.


close დახურვა