საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის რადას ფრაქციის ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამია შეურაცხმყოფლად მოიხსენია, "ვიღაც არარაობა" უწოდა და თქვა, რომ მის განცხადებებზე კომენტარს არ გააკეთებს.
"ესე იგი, არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე, თქვენ გინდათ, რომ მე გავაკეთო კომენტარი, მე არახამიას ნათქვამზე, რა თქმა უნდა, მე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ - მე ერთი მინდა ვთქვა, მე უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ამ დიდი დამანგრეველი ომის მალე დასრულებას.
მე ერთი მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა საზოგადოებას, რომ ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ თქვენ მიერ ნათქვამი ადამიანი და ჩვენი ეს ექსტრემისტული რადიკალური ოპოზიცია არიან სრულ კოორდინაციაში, იყვნენ ომამდეც, ომის შემდეგ და დღესაც, ერთადერთი მიზნით, რომ აქ რაიმე მომხდარიყო, გადატრიალება, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა, რომ მოეყვანათ ის ფაშისტური, ნეოფაშისტური რეჟიმი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
7 მაისს დავით არახამიამ მთავარ არხთან ინტერვიუში საქართველოს მთავრობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში - მისი თქმით, ქართველი ხალხი, ალბათ, აღარ შეეგუება ასეთ ხელისუფლებას და ახალი ძალა, ან კოალიცია იქნება. მისივე თქმით, ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას აპირებდა, თუმცა ამერიკელებმა გააფრთხილეს, არ წახვიდეო.