საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებსა და შედეგად შექმნილ ვითარებაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ან დატოვოს თანამდებობა.
ორგანიზაციის შეფასებით, მიმდინარე წელს გატარებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა და თითქმის პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებამ, გააჩინა რეალური პერსპექტივა, საკანონმდებლო ორგანო გამხდარიყო უფრო პლურალისტური და გადადგმულიყო ქმედითი ნაბიჯები კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის.
თუმცა,ღია საზოგადოების ფონდი იზიარებს საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების შეფასებებს იმაზე, რომ როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ისე არჩევნების დღე და ხმის დათვლის პროცესი მრავალრიცხოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა.
"განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ტენდენცია, რომ წაიშალა ზღვარი მმართველ პოლიტიკურ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული რესურსი, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის დაშინების, მოსყიდვის და მათ თავისუფალ ნებაზე კონტროლის განხორციელების მცდელობებს, რამაც, შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების და აღნიშნული არჩევნების შედეგად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმუმრობის საკითხი.
მით უფრო, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მხოლოდ ერთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ, საშუალებას წაართმევს საკანონმდებლო ორგანოს, სრულყოფილად განახორციელოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებები". - წერს ორგანზიაცია.
ღია საზოგადოების ფონდი ასევე მიუთითებს 8 ნოემბრის აქციასა და მის დაშლაზე - როცა მოქალაქეებმა გამოხატეს მშვიდობიანი პროტესტი საქართველოს პარლამენტის, ხოლო მოგვიანებით – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარედ.
"პროტესტის დროს, სამართალდამცავებმა გამოიყენეს შეკრება-მანიფესტაციის დაშლის სპეციალური საშუალებები, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით, რამაც ხელი შეუწყო დაძაბულობის ესკალაციას და დაშავდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები.
მიგვაჩნია, რომ უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი განსამუხტად და პროცესების ნორმალურ ვითარებაში დასაბრუნებლად, აუცილებელია:
* ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა მოხდეს ხმების ხელახალი გადათვლა და სამართლიანი შედეგების გამოცხადება;
* ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა აიღოს პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე და უზრუნველყოს ხმათა სამართლიანი გადათვლა, ან დატოვოს დაკავებული თანამდებობა;
* ხელისუფლებამ უზრუნველყოს პროცესის ნორმალიზება და მოლაპარაკებების გამართვა პოლიტიკურ სუბიექტებთან;
* ხელისუფლებამ თავი შეიკავოს კონსტიტუციურ უფლებებში გაუმართლებელი და არაპროპორციული ჩარევისგან, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების არალეგიტიმური შეზღუდვისგან;
* ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა უზრუნველყონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებების მშვიდობიანად განხორციელება, სიტუაციის დეესკალაცია და მოლაპარაკებების მეშვეობით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა;
* მხარეებმა გამოიყენონ ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაცული იყოს თითოეული მოქალაქის საარჩევნო უფლება.
* საერთაშორისო ორგანიზაციებმა და პარტნიორებმა კვლავ გასწიონ ძალისხმევა, რომ მათი მედიაციით წარიმართოს მოლაპარაკება პოლიტიკურ სუბიექტებს შორის",- აცხადებს ღია საზოგადოების ფონდი.
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს უნდობლობას უცხადებენ. როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები იმდენად მასშტაბური იყო, რომ გავლენას მოახდენდა მის შედეგებზე.
იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები. ოპოზიცია და მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.
8 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართული საპროტესტო აქცია, ქართული ოცნების ხელისუფლების მითითებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლით დაშალა. დაშავდა რამდენიმე რიგითი მოქალაქე, ჟურნალისტი და პოლიციელი.