logo
ENG



კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები პრეზიდენტს წარუდგინა

15 იან 202218:23
3 წუთის საკითხავი
 
კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები პრეზიდენტს წარუდგინა
ფოტო: IPN

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები შეარჩია და პრეზიდენტს წარუდგინა. 

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს 7 დღისა საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ.

ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს ვადა 2022 წლის თებერვალში გასდის.  

მიმდინარე კონკურსში ისიც მონაწილეობს. 

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან:

  • გიორგი კალანდარიშვილი;
  • თამაზ ფოლადაშვილი;
  • თენგიზ თევზაძე;

ცესკოს წევრობის კანდიდატები არიან:

  • ქრისტინე ქაჯაია
  • ლევან ისაკაძე
  • მაია ზარიძე
  • გია ცაცაშვილი

ცესკოს წევრობის შემთხვევაში, ვაკანტურია 2 ადგილი. 

***

2021 წლის 15 დეკემბერს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცესკოს წევრების და თავმჯდომარის არჩევის ძირითადი წესის ცვლილებას. 

პარლამენტის რეგლამენტში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ახლებურად განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის მიერ ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ძირითადი წესი.

ახალი რეგლამენტით: 

  • პარლამენტი სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით ან სრული შემადგენლობით ირჩევს ცესკოს წესსა და ცესკოს თავმჯდომარეს. 
  • პარლამენტის მიერ ცესკოს წევრის არჩევისას ცესკოს წევრობის კანდიდატთაგან თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი.
  • არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.
  • თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად.
  • თუ ხელახალი კენჭისყრის შედეგად ვაკანსია ისევ შეუვსებელი დარჩა, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს 3 დღის ვადაში, კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე 2 კანდიდატურას წარუდგენს.
  • თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არაუგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი და კანდიდატურების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.

უკვე გაუქმებული კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც რამდენიმე თვის წინ, 2021 წლის 28 ივნისს დამტკიცდა, ნათქვამია, რომ "თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე".

სწორედ ამ კანონმდებლობის საფუძველზე დაინიშნა გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარედ 2021 წლის 2 აგვისტოს, 6 თვის ვადით. 

შალვა პაპუაშვილის თქმით, "ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესით აგვისტოში გამართულმა კენჭისყრებმა და იმ დროს მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა ცხადყო, რომ კენჭისყრის ზემოხსენებულმა წესმა კანდიდატების საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად, კონსენსუსით არჩევის წახალისება ვერ უზრუნველყო". 


close დახურვა