logo
ENG



ღია საზოგადოების ფონდი: შენობების დემონტაჟი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა

15 დეკ 202015:24
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/15/1fa5qdwci32c0j8.png

ღია საზოგადოების ფონდი ეხმაურება თბილისის მერიის ინსპექციის მიერ აფრიკის დასახლებაში უსახლკარო პირების საცხოვრისების დემონტაჟს და ფაქტს "ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად" აფასებს. 

"იმ პირობებში, როცა საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემის საპასუხო ეფექტური სერვისები, თვითდახმარების მიზნით, უსახლკაროთა მიერ აგებული სტაციონარული შენობების დემონტაჟი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს", - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, პანდემიის პირობებში ათასობით ადამიანს არ აქვს თავშესაფარი, მერია კი ამ გადაწყვეტილებით ზრდის უსახლკაროთა რიცხვს:

"მერია ყოველგვარი გარანტიების გარეშე, ქუჩაში ტოვებს ათობით ოჯახს, ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის წინაშე".

ორგანიზაცია მოუწოდებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, შეწყვიტოს აფრიკის დასახლებაში, თვითდახმარების მიზნით აგებული შენობების ნგრევის პროცესი, არ დაარღვიოს ამ შენობებში მცხოვრებთა საცხოვრისის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და უზრუნველყოს  ამ ადამიანების ღირსეული საცხოვრისის გარანტიები.

დედაქალაქის მერიამ აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც უსახლკაროდ რჩება, აქციას მართავს და დახმარებას ითხოვს. ადგილზე სამართალდამცველები და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. სავარაუდოდ, დაკავებულია რამდენიმე პირი.


close დახურვა