logo
ENG



ღირსების შემლახველი მოპყრობის გამო სახელმწიფომ სტრასბურგში ლგბტ ორგანიზაციასთან საქმე წააგო

08 ოქტ 202014:06
3 წუთის საკითხავი
 
xw32a1ii382xxbw.jpg

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ" დაადგინა, რომ პოლიცია 2009 წელს ლგბტ ორგანიზაციაში ჩატარებული რეიდის დროს განმცხადებლების წინააღმდეგ ღირსებისშემლახველი, დისკრიმინაციული მოპყრობით გამოირჩეოდა, შესაბამისად, სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს ორივე აპლიკანტისთვის არამატერიალური ზიანის საფუძველზე 2 000 ევროს გადახდა დააკისრა. 

საქმე ეხება 2009 წლის 15 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციის, ფონდ "ინკლუზივის" ოფისში 17 პოლიციელის მიერ ჩატარებულ რეიდს. ორგანიზაციის თანამშრომლები გამოფენისთვის ემზადებოდნენ, როდესაც პოლიციელები სასამართლო განჩინების გარეშე, შენობაში შეცვივდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. 

განმცხადებლების ცნობით, მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა გაიგეს, რომ ლგბტქ თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციაში იმყოფებოდნენ, ოფისის თანამშრომლების შეურაცხყოფა დაიწყეს, უწოდებდნენ რა მათ: "ავადმყოფებს", "გარყვნილებს" და სხვა. 

ამის შემდგომ პოლიციის ქალმა ოფიცრებმა ოფისის თანამშრომლების გაშიშვლებით ჩხრეკა დაიწყეს, სავარაუდოდ, მათი შეურაცხყოფისა და დამცირების მიზნით, რადგან ტანისამოსი, რომლის გახდაც მათ აიძულეს, პოლიციის თანამშრომლებს არ გაუჩხრეკიათ. 

"გაშიშვლებით ჩხრეკა ჩატარდა ოფისის ტუალეტში, ცივ და ჭუჭყიან იატაკზე, სადაც პოლიციელები ქალებს დამამცირებლად ეპყრობოდნენ. ჩხრეკის შესახებ პოლიციას არანაირი ოქმი არ შეუდგენია", - აცხადებენ ორგანიზაციაში. 

ფონდ „ინკლუზივის“ თანამშრომლების მიერ შეტანილი საჩივრები საქართველოს ხელისუფლებამ ძირითადად უგულებელყო. გამოძიება დაიწყო პოლიციის მიერ ძალის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, თუმცა, მომხდარიდან 11 წლის შემდეგ, ის კვლავ წინასწარი გამოძიების ეტაპზეა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს მხარეს ევროპული კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლების დარღვევა დაადგინა, რაც ადამიანის მიმართ ღირსებისშემლახველ, დამამცირებელ და დისკრიმინაციულ მოპყრობას გულისხმობს. 

"პოლიციელების ქმედება, რომელიც ჰომოფობიური და ტრანსფობიური მოტივებით იყო განპირობებული, უკიდურესად შეუფერებელი და შეუსაბამო იყო. პოლიციის ოფიცრებმა, არა მხოლოდ განზრახ დაამცირეს და შეურაცხყეს განმცხადებლები, სიძულვილის ენის გამოყენებით, არამედ მათ ემუქრებოდნენ კიდეც.

განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ჩხრეკის გაშიშვლებით ჩატარების გადაწყვეტილება, რომლისთვისაც არც ერთი ვალიდური მიზეზი არც ხელისუფლებას და არც პოლიციას არ წარმოუდგენია, რის გამოც სასამართლომ დაასკვნა, რომ მათი ერთადერთი მიზანი განმცხადებლების შერცხვენა და დასჯა იყო, მათი კავშირის გამო ლგბტ თემთან", - ვკთხულობთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში. 

ქართულმა სახელმწიფომ ეკატერინე აღდგომელაშვილს და თინათინ ჯაფარიძეს 2 000 ევრო უნდა გადაუხადოს, მიყენებული არამატერიალური ზიანისთვის. 

ეს არის პირველი საჩივარი და პირველი გადაწყვეტილება, რომლითაც პოლიციის დისკრიმინაციული, ღირსებისშემლახველი მოპყრობა დადგინდა ქართული ლგბტქ ორგანიზაციის თანამშრომლების ან მასთან ასოცირებული პირების მიმართ. 

 

 


close დახურვა