logo
ENG



ყაველაშვილი: ივანიშვილს უნდა ვკითხოთ, ხომ არ შეხვედრია დეგნანს ომის დაწყების შემდეგ

19 ივლ 202218:49
3 წუთის საკითხავი
 
ყაველაშვილი: ივანიშვილს უნდა ვკითხოთ, ხომ არ შეხვედრია დეგნანს ომის დაწყების შემდეგ
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ "ჩნდება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ".

"იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა". - თქვა ყაველაშვილმა და დასძინა, რომ ამ კითხვას ბიძინა ივანიშვილმა უნდა უპასუხოს. 

ყაველაშვილი ეჭვს გამოთქვამს, "რამე ხომ არ მოსთხოვეს ივანიშვილს ამ შეხვედრებზე, ხომ არ ხდება შანტაჟი" 

"მე რომ გავემიჯნე ქართულ ოცნებას, ამის პირობაზე გავემიჯნე, რომ საზოგადოებას ღიად ვესაუბრებოდი. წრედი იკვრება. ევროპარლამენტის რეზოლუცია შეურაცხყოფას აყენებს ქართულ სახელმწიფოს, თქვენ არავინ ხართ, მონები ხართ და ერთი ადამიანი გმართავთო, ეს ჩაწერეს პირდაპირ რეზოლუციაში და ამაზე პასუხი არ შეუძლია გასცეს პრემიერს? ეს რა მონური დამოკიდებულებაა? წრედი იკვრება - 20 ივნისი, 3 ივლისის მოთხოვნები, ეს მხარდაჭერა კელი დეგნანის, არასამთავრობო ორგანიზაციები, გადახდილი ფული ამერიკის სახელმწიფოს მხრიდან, ეს კითხვები იბადება, რომ რაღაც ძალას სურს და ფაქტია, ეს 6 თვეც ამიტომ გადაიდო, რომ ამ ძალამ ვერ შეძლო რევოლუციური სცენარის განვითარება.

აქედან გამომდინარე ახლა იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? ხომ არ მოსთხოვეს მას რაიმე და ხომ არ ხდება ამის კვალობაზე შანტაჟი, რადგან ეს ადამიანი გასულია, არაფერში ერევა.

იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა, ამ ეტაპზე მე ამაზე არ ვისაუბრებ, არ მაქვს უფლება ამაზე საუბრის, თუმცა, თუ კითხვებზე პასუხი არ გაეცემა, მივმართავთ ბიძინა ივანიშვილსაც, რადგან კითხვები სახელმწიფოს ეხება. ვალდებულია (უპასუხოს), ადამიანს ქვეყნის განვითარებაში ხელის შემშლელად აღიქვამენ და ეს რას ნიშნავს?!

ხომ არ იყო პირდაპირი კავშირი კელი დეგნანსა და ივანიშვილს შორის? ამ ადამიანს პირდაპირ შეეხნენ. ივანიშვილის პასუხი არ გაინტერესებთ? მე მაინტერესებს, ამ პროცესში განზე როდემდე უნდა იყოს, სახელმწიფოს განვითარებას ეხება, ეს ადამიანები არ ჩერდებიან, აგრძელებენ გაურკვეველი მიზეზების ძიებას და დროა გამოვიდეს და პასუხი თქვას". - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა

მიხეილ ყაველაშვილმა დიმიტრი ხუნდაძესთან და სოზარ სუბართან ერთად მმართველი პარტია 28 ივნისს "მეტი სიმართლის თქმის" საბაბით დატოვა. მას შემდეგ მათ არაერთხელ გაავრცელეს ანტიდასავლური შეთქმულების თეორია მათ შორის იმის შესახებ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება "ომში ჩართვასთან არის დაკავშირებული" და შეურაცხყოფა მიაყენეს აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს. 

8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა დეგნანს წერილიც მისწერა და თქვა, რომ "კარგი იქნებოდა, ამერიკის იმიჯის დასაცავად, ნაციონალური მოძრაობის განხორციელებულ პროვოკაციებს ელჩი საჯაროდ გამიჯვნოდა".

პასუხად დეგნანმა განაცხადა, რომ წერილი "სავსე იყო სავსე ტყუილებითა და შეთქმულებების თეორიებით, რის გამოც მისი წაკითხვა ბოლომდე ვერ შეძლო". 


close დახურვა