logo
ENG



ყოფილი "პატრიოტები": ვგმობთ კაპიტოლიუმში შეჭრას, ინსტიტუტებზე შეტევა მიუღებელია თბილისშიც

08 იან 202116:26
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/08/fewlt9nybxcwea5.jpg

პატრიოტთა ალიანსის ყოფილი წევრები და მათი პარტიული სიით პარლამენტში შესული ევროპელი სოციალისტები აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში დემონსტრანტების ძალადობრივ შეჭრას გმობენ და აცხადებენ, რომ ძალადობა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა მიუღებელია როგორც ვაშინგტონში, ისე თბილისში. 

"არავის აქვს უფლება ხელი აღმართოს კონსტიტუციურ წესრიგზე და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე", - აცხადებენ სოციალისტები, - "ძალადობა ერთნაირად მიუღებელია როგორც ვაშინგტონის ისე თბილისის და ნებისმიერი ცივილიზებული, დემოკრატიული ქვყნისთვის​. დემოკრატია და დესტაბილიზაცია შეუთავსებელია!". 

ევროპელმა სოციალისტებმა ასევე აღნიშნეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის კონსტიტუციურ ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებს ხოლმე საქართველოს მაშინ, როდესაც რომელიმე სახელმწიფო ადმინისტრაციულ შენობაზე "ძალადობრივი შეტევა" ხორციელდება. 

"როდესაც საქართველოს ხელისუფლების რომელიმე შტოზე, სახელმწიფო დაწესებულებაზე, ადმინისტრაციულ ორგანოზე ძალადობრივი შეტევა ხორციელდება, ჩვენი მეგობრები ყოველთვის მოგვიწოდებენ, რომ ნებისმიერი საკითხი მშვიდობიანად, სამართლებრივ ჩარჩოებში გადავჭრათ", - ვკითხულობთ პარტიის განცხადებაში. 

ფრიდონ ინჯიამ, დავით ზილფიმიანმა, გელა მიქაძემ და ავთანდილ ენუქიძემ პატრიოტთა ალიანსი 5 იანვარს დატოვეს. ყოფილი თანაპარტიელების, ისევე როგორც, სრულიად ოპოზიციური სპექტრის საპარლამენტო ბოიკოტის მიუხედავად, ყოფილი "პატრიოტები" პარლამენტში შევიდნენ და პარტია ევროპული სოციალისტები ჩამოაყალიბეს. 

 

 

 


close დახურვა