logo
ENG



შაბათის ფორმულა: აბასთუმანში მომხდარ მკვლელობაში კრიმინალური ავტორიტეტები ფიგურირებენ

24 ივლ 202120:50
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ აბასთუმნის ტყეში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია. საქმე ეხება  ახალგაზრდა ბიზნესმენის, დავით მელიქიძის მკვლელობას, რომელიც 23 აპრილს ტყეში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.  

შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ მელიქიძეს ამ ინციდენტამდე რამდენიმე თვით ადრე, ღიად ემუქრებოდნენ, გაუსწორდნენ ფიზიკურადაც. მელიქიძე ერთ-ერთი იყო, რომელიც აბასთუმანი-ადიგენის შემოვლით გზაზე მუშაობდა, კერძოდ მისი კომპანია ტყეში გზის გასაყვანად ხეებს კაფავდა

თავდაპირველად მელიქიძე ძმებ ბაღდოშვილებს დაუპირისპირდა, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა მას შემდეგ შეწყვიტა, როდესაც მიხვდა რომ მას ბიზნესიის სრულად წართმევას უპირებდნენ. 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ძმები ბაღდოშვილები რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად, თავდაპირველად ერთ-ერთ მუშას ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ ცეცხლი გახსნეს მელიქიძის მიმართულებით. 31 წლის ბიზნესმენი ადგილზე გარდაიცვალა, მისი პირადი მცველი კი დაიჭრა. ძმები ტყეს შეეფარნენ, ამის შემდეგ კი მათი კვალი დაიკარგა. ანონიმი გვიყვება, რომ პოლიციამ მათ ფაქტობრივად კორიდორი გაუკეთა და იმის ნაცვლად, რომ მკვლელების კვალს დასდევნებოდა, ალყა საავადმყოფოს შემოარტყა. 

ძმები ბაღდოშვილების ოჯახში, რომლებსაც 31 წლის ბიზნესმენის მკვლელობისთვის პოლიცია უშედეგოდ მეოთხე თვეა ეძებს, ტრაგედიის შემდეგ აღარავინ გამოჩენილა.

შაბათის ფორმულას წყარო უყვება, რომ ბიზნესმენის მკვლელობა კანონიერმა ქურდმა, ჯეირან კინწეურაშვილმა, მეტსახელად ჯეირან ხონსკიმ შეუკვეთა, რომელმაც მანამდე მას ბიზნესის დათმობა მოსთხოვა - სწორედ ძმები ბაღდოშვილების დახმარებით, რომლებიც მელიქიძის კომპანიის ქვეკონტრაქტორები იყვნენ. 

პოლიციაში, სადაც მოკლულის ოჯახს განუცხადეს, რომ დამნაშავეების მოსაძებნად რესურსი არ ყოფნიდათ, ძებნაზე მხოლოდ ორი პირია აყვანილი - ძმები ბაღდოშვილები. სად გაქრნენ სხვა ფიგურანტები, რომელთა მკვლელობაში მონაწილეობასაც არაერთი პირი ჩვენებაში ადასტურებდა, ამ კითხვებს პოლიციის უფროსი დაემალა. 


close დახურვა