logo
ENG



შაბათის ფორმულა: ნეონაცისტები სკოლის მოსწავლეს თავს დაესხნენ, ვიდეო გადაუღეს და გაავრცელეს

17 ივნ 202321:01
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ნეონაცისტების ჯგუფი მზიურის პარკში სკოლის მოსწავლეს თავს დაესხა. არასრულწლოვანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ვიდეო გადაუღეს და შემდეგ სოციალურ ქსელში ატვირთეს. ვიდეო 15 ივნისით თარიღდება.

მოზარდის დედა შაბათის ფორმულას უყვება, რომ ფაშისტური დაჯგუფების წევრებმა მისი შვილის ცემა გადაწყვიტეს, თუმცა ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე ჯერ კამერების მზადყოფნა შეამოწმეს - კამერის ჩართვის შემდეგ კი, 14 წლის ბიჭის ცემა დაიწყეს.

შემთხვევა დღის საათებში მზიურის პარკის ცენტრალურ ნაწილში მოხდა, თუმცა შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ დაპირისპირების ფაქტი, მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს გამორჩათ. უსაფრთხოების სამსახურში ინფორმაცია მხოლოდ პოლიციის მისვლის გაიგეს. პარკის დაცვის სამსახურში ამბობენ, რომ ნაცისტური და ფაშისტური ჯგუფებისგან პრობლემებს და დაპირისპირებას უკვე შეეჩვივნენ. პოლიცია საქმეში მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთო, როცა გაირკვა რომ ძალადობის ფაქტით მედია დაინტერესდა. შსს-ს წარმომადგენლები პარკში ვიდეოჩანაწერების ამოსაღებად მივიდნენ.

დაზარალებული არასრულწლოვანი ვაკის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობს. შემთხვევა სკოლის დროს არ მომხდარა. შაბათის ფორმულას ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებამ მოსწავლეზე თავდასხმის ფაქტის შესახებ ვიდეოს გავრცელების შემდეგ შეიტყო. აქვთ თუ არა ინფორმაცია დაჯგუფების წევრების შესახებ, ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არც დირექციამ და არც მანდატურის სამსახურმა არ ისურვეს.

მომხდარზე საქმე უკვე აღძრულია, თუმცა დააკავებს თუ არა პოლიცია დაჯგუფების წევრებს უცნობია, რადგან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ნეოფაშისტური ჯგუფის წევრები ახალგაზრდებს უსწორდებოდნენ. პირველად ნეოფაშისტური დაჯგუფება, 2018 წელს ე.წ. ბასიანის აქციების დროს გამოჩნდა. ჯგუფის წევრების ერთ-ერთი დისლოკაციის ადგილი დედაენის ბაღია, სადაც არაერთი დანაშაული მოხდა, თუმცა დაკავებული არავინაა.


close დახურვა