რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, ოკუპანტმა ქვეყანამ ახალი სატრანსპორტო დერეფნების ძებნა დაიწყო, ტვირთის მისაღებად და ტვირთის გადასატანად. მათთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა, საქართველო და ფოთის პორტი აღმოჩნდა. შაბათის ფორმულამ გაშიფრა სქემა, რომელიც აჩვენებს ვინ ლობირებს ხელისუფლებიდან, საეჭვო ტვირთის მიმოსვლას.
შაბათის ფორმულას ინფორმაციით, პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი ფოთიდან ირაკლი ხახუბია პირადად არის ჩართული, ფოთის ტერმინალებში ტვირთის მიმოსვლის კონტროლში. ხახუბია, და მისი გარემოცვა პირდაპირ კავშირშია კომპანიასთან, რომელიც რუსეთის ტვირთს ამ დრომდე შეუფერხებლად ატარებს. რუსეთისთვის განკუთვნილი ტვირთი, რუმინეთიდან საქართველოში მარტის დასაწყისში შემოვიდა. ტვირთის გადასაზიდად თითო მანქანის მომსახურება ფოთის პორტიდან მოსკოვამდე, დაახლოებით 4 000 დოლარს აღწევს.
ტერმინალებში და საბაჟოზე ტვირთის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა არ უარყოფენ, რომ ოკუპანტი ქვეყნის ტვირთებს ამ დრომდე ემსახურებიან. ერთ-ერთი ასეთი კომპანია, ჯნს ჯორჯიაა. ის საერთაშორისო გადამზიდს, ჩინურ კოსკო შიფინგ ლაინს წარმოადგენს, რომელმაც რუსეთში ყველა ფილიალი დახურა. მიუხედავად ამისა, მისი ქართული წარმომადგენლობა ოკუპანტ ქვეყანას კვლავ ემსახურება. ჯნს ჯორჯიაში ამბობენ, რომ ტვირთების შემადგენლობას ისინი არ ამოწმებენ. მოწმდება მხოლოდ კომპანიები - არიან თუ არა ისინი სანქცირებულთა სიაში. პასუხისმგებლობას იმაზე, რომ რუსეთის ტვირთის მომსახურებაში შესაძლოა საქართველო სამხედრო მასალის გამტარი გახდეს, კომპანია სრულად საბაჟოს აკისრებს.
შაბათის ფორმულამ გაარკვია სქემა, რომელიც საერთაშორისო კომპანია ჯნს ჯორჯიას, საქართველოს ხელისუფლებასთან აკავშირებს. მისი 50%-იანი წილის მფლობელი, დავით წიწილაშვილი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას გარემოცვის წევრი და მასთან დაახლოებული პირია. წიწილაშვილების ოჯახს წლების განმავლობაში საერთო ბიზნესი ჰქონდათ ხახუბიასთან. სწორედ დავით წიწილაშვილს და მისი ოჯახის კომპანიას აქვს ქართული ოცნებისთვის შეწირული სოლიდური თანხა სხვადასხვა დროს, ჯამში 280 000 ლარი. წიწილაშვილი და ხახუბია შაბათის ფორმულას ზარებს არ პასუხობენ.
საქართველოს გავლით კონტრაბანდული ტვირთების რუსეთისთვის მომსახურებაზე პირველად საუბარი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა 4 აპრილს დაიწყო. განცხადებაში ვკითხულობთ: "საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. იმისთვის, რომ სანქციებს გვერდი აუარონ, რუსეთის აგენტები კონტრაბანდის გზებს აყალიბებენ, რომლებიც, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, საქართველოს სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებმა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიიღეს დირექტივა, არ შეაფერხონ კონტრაბანდისტების საქმიანობა".