შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში, საჯარო რეესტრმა რუსეთის მოქალაქეების ბიზნესის რეგისტრაციის 600-მდე განცხადება მიიღო.
იუსტიციის სახლის ყოველ შესასვლელში, რიგში ბილეთის ასაღებად, ყველა სივრცესა თუ სალაროსთან, თითქმის ყოველი მეორე, რუსეთის, ან ბელორუსის მოქალაქეა. შაბათის ფორმულას მიერ გადაღებულ ფარულ კადრებში კარგად ჩანს ჯგუფები, რომლებიც საკუთარ რიგს, ხელში რუსული საბუთებით ელოდებიან. აქ ყველგან გაიგებთ რუსულ საუბარს, მოთხოვნებს სხვადასხვა ტიპის მომსახურებაზე. ერთ-ერთი ასეთი, დაპირისპირების საბაბიც გახდა.
"გალანძღეს ოპერატორი, რატომ რუსულად არ მიკეთებო და გიბრძანებ ახლავე გამიკეთეო. ჩემს სახელმწიფოში ვინ მიგდია ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი, ყველამ სცეს პატივი, ქართველი იქნება თუ ნებისმიერი სხვა. რატომ უნდა უბრძანო ჩემს სახელმწიფოში? რატომ უნდა ვითმინოთ ეს ყველაფერი, სხვაგან ჩვენ ვინ გვიხსნის ქართულად? კიდევ დიდ გულზე არიან, მეტის ღირსები ვართ. გაუღონ კარი ყველა მხარეს", - ამბობს საქართველოს მოქალაქე.
ექსპერიმენტის დროს, შაბათის ფორმულას საკუთარი ნომერი რამდენიმე შუამავალმა გადასცა. ერთ-ერთ მათგანს მართლაც დავუკავშირდით და ვკითხეთ დეტალურად, რა დაგვიჯდებოდა დახმარება შპსს დარეგისტრირებაში 2 ადამიანს - საქართველოს და რუსეთის მოქალაქეებს. ირკვევა, რომ ფასები თითოეულისთვის სხვადასხვაა. სხვაობა კი საკმაოდ დიდი.
შუამავლები, რომლებიც ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს ხვდებიან, მათ მხოლოდ ბიზნესის დარეგისტრირებაში არ ეხმარებიან. ქართველები რუსებს და ბელორუსებს კიდევ ერთ პრობლემას უგვარებენ - აკავშირებენ იმ ბინების მეპატრონეებთან, რომლებიც უარს არ ამბობენ საკუთარი ბინის რუსეთის მოქალაქეებზე გაქირავებაზე. შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ რუსებისთვის ბინების მიქირავების სანაცვლოდ, ბოლო დღეების განმავლობაში ბევრ ქართველს მიუვიდა გაფრთხილება, რომ ნაქირავები ფართი უახლოეს დღეებში დაეცალა.
ბინების მეპატრონეებმა საკუთარი მდგმურები, რამდენიმე ასეული დოლარით მეტი გადასახადის გამო, ქუჩაში გაუშვეს. ერთ-ერთი ასეთი თუთა ოქროპირიძეა, რომელსაც 2 კვირა აქვს იმისთვის, რომ ალტერნატივა მოძებნოს, სხვა შემთხვევაში ბინის მეპატრონე მას ემუქრება, რომ სახლიდან საკუთარ ნივთებსაც ვეღარ გაიტანს.
"2 კვირა მოგვცა ვადა, სანამ დავცლიდით. მიზეზი - სტუმრები ჩამოდიან მოსკოვიდან. დაკავებულია ყველაფერი, ვერ ვპოულობთ ვერაფერს, ჩვენთვის სასურველ ფასად. სანამ არ ვიპოვით ვიქნებით, ქუჩაში ხომ არ დავრჩებით. ფბ-ზეც დავწერე, რომ გავცხარდი და ბევრი გამოხმაურება ჰქონდა, იურისტებისაც და მათ აზრს ვითვალისწინებ, სანამ არ ვიპოვი, არ გადავალ", - ამბობს ის.
პარალელურად სულ მცირე 30%-ით გაიზარდა ბინების ფასიც. ცენტრალურ უბნებში 40-დან 50 კვადრატულ მეტრამდე ბინების ფასი 1300 დოლარიდან იწყება. მიუხედავად ამისა, არიან მეპატრონეები, რომლებიც რუსებისთვის ბინის მიქირავებაზე ნებისმიერ თანხად, უარს აცხადებენ. როგორ აპირებენ საქართველოში ჩამოსული რუსები ბინის ქირის გადახდას, ეს ჯერ უცნობია. სანქციების შემდეგ ისინი საბანკო ბარათებიდან თანხას ვერ ანაღდებენ. ჩვენთან საუბარში ადასტურებენ, რომ ჯერჯერობით კრიპტო გადარიცხვებით სარგებლობენ და ამ დრომდე ელოდებიან ქართული ბანკებისგან პასუხს - გაუხსნიან თუ არა ანგარიშებს და თუ არ გაუხსნიან, რატომ.