logo
ENG



შალვა კეკელია: როგორც რუსეთია მტერი, ისეა ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მიწას გვართმევს

14 ოქტ 202014:23
3 წუთის საკითხავი
clock 2933

ვაკის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი შალვა კეკელია ამბობს, რომ მისთვის აზერბაიჯანიც ისეთივე მტერია, როგორიც რუსეთი, ვინაიდან ისიც "მიწებს გვართმევს". 

შალვა კეკელია ამბობს, რომ მიწების შენარჩუნებისთვის მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის დაძაბვის წინააღმდეგიც არ არის. 

"ადამიანები ამბობენ, რომ არ უნდათ, აზერბაიჯანთან ურთიერთობები გავიფუჭოთ და მზად ვართ, ტერიტორიები დავთმოთ. ჩემთვის ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩემს მიწას ისაკუთრებს და ეხება, არის მტერი. დავით გარეჯში 6 000 გარეჯელი ბერი მოღვაწეობდა, ეწამა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ტერიტორიაა. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი ან ტელევიზია რომ გამოდის და ამბობენ, არ გვინდა ურთიერთობის დაძაბვაო - ჩემთვის პირადად, თუნდაც დაიძაბოს ურთიერთობა იმ მიწებთან დაკავშირებით: თუ რუსეთია ჩემთვის მტერი, ასევე ნებისმიერი ქვეყანა ჩემთვის არის მტერი, ვინც ჩვენ მიწას გვართმევს", - თქვა დეკანოზმა შალვა კეკელიამ სვეტიცხოველში. 

დავით გარეჯის საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, კარტოგრაფები: ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრების ნაწილისთვის მათთვის წარდგენილი ბრალდება გაურკვეველი და მიუღებელია. ეპისკოპოსი მელქისედეკისთვის მიუღებელია ისიც, რომ მას, როგორც სინოდის წევრს, არ აქვს ინფორმაცია, რა ხდება დავითგარეჯასთან დაკავშირებით და ამავე დროს, ამ თემაზე საქართველოს ეკლესიის რიგითი მღვდელი ლაპარაკობს. 

ეპისკოპოსი დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს გულისხმობს, რომელიც საპატრიარქოს პრესმდივანია და რომელმაც დავითგარეჯის კომისიის მუშაობას არაერთხელ უწოდა მოღალატეობრივი. 

თავად დაკავებული კარტოგრაფები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. 

ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ ისიც თქვა, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, ხოლო თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან, გადაარჩინეს საქართველო და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები". 

რაც შეეხება ბრალდების საფუძველს - პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 500 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან". 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი".

ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ კი თქვა, რომ ნატალია ილიჩოვამ მას უთხრა: "ყოველ წამს მგონია, რომ კარი გაიღება, შემოვა ვინმე და ბოდიშს მომიხდის ამ დანაშაულის გამო, რომ მე აქ ვარ და დავტოვებ ამ დაწესებულებას". 


close დახურვა