logo
ENG



შატილის ავარიის საქმეზე მანქანის მესაკუთრე და ტურისტული კომპანიის დირექტორი დამნაშავედ ცნეს

15 ნოე 202119:15
3 წუთის საკითხავი
 
შატილის ავარიის საქმეზე მანქანის მესაკუთრე და ტურისტული კომპანიის დირექტორი დამნაშავედ ცნეს

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 2020 წლის აგვისტოში, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ტურისტული კომპანიის დირექტორი და მიკროავტობუსის მესაკუთრე დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ავტობუსის მესაკუთრეს 7, ტურისტული კომპანიის დირექტორს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

"2020 წლის 23 აგვისტოს ტურისტული სააგენტოს - შპს "ჩიფ თრეველ ჯორჯიას" მიერ ორგანიზებული ტურისტული მარშრუტით, შატილიდან თბილისში დაბრუნებისას, სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის მიზეზით, მიკროავტობუსი შატილის გზაზე 60 მეტრის სიღრმის ხევში ჩავარდა, რის შედეგადაც 17 პირი გარდაიცვალა, მათ შორის მიკროავტობუსის მძღოლი, ხოლო სამმა მოქალაქემ  სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2020 წლის 23 თებერვალს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიკროავტობუსის მესაკუთრე სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში (ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ტურისტული კომპანიის დირექტორი სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი 220' მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 


close დახურვა