20 ივნისიდან ერთი წლის შემდეგ გამართული აქციიდან დემონსტრანტები მმართველი პარტიის ოფისთან მივიდნენ. მათ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს „ქართული ოცნების“ რუსულ ოკუპაციასთან შემგუებლური პოლიტიკა და მოიტანეს ბანერები, რომლებზეც წარმოდგენილია საერთაშორისო საზოგადოების შეფასება და 2019 წლის 20 ივნისის ქრონოლოგია.
„თქვენ ხედავთ ორ ბანერს - პირველია გავრილოვის ღამის ბანერი. რა მოიტანა ამ რამემ საერთაშორისო პარტნიორებთან - ეს არის მეორე ბანერზე. ისინი ამბობენ, რომ ოცნება პრორუსულია და ამას ვაპროტესტებთ ჩვენ. ისინი აზიანებენ ქვეყნის განვითარებას. დიდი იმედი არ გვაქვს, გვინდა ვანახოთ მოსახლეობას ჩვენი პოზიცია", - ამბობენ აქციის წარმომადგენლები.
მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლებს სურდათ „ქართული ოცნების“ ოფისთან უფრო ახლოს მისვლა, თუმცა ამის ნება მათ პოლიციამ არ მისცა. ინციდენტი რამდენიმე წუთში ამოიწურა.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე 2019 წლის 20 ივნისიდან ერთი წლის გასვლის თავზე სამოქალაქო აქტივისტებმა კიდევ ერთხელ გამართეს ანტისაოკუპაციო აქცია სახელწოდებით „გვახსოვს, რა ჩაიდინეთ“.
