logo
ENG



შვეიცარიამ დანიიდან უკრაინაში Piranha III ჯავშანტექნიკის გაგზავნა დაბლოკა - მედია

01 ივნ 202213:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/01/k87j3i7e9e0weyg.jpg
Imago Images

შვეიცარიული მედიის ცნობით, შვეიცარიის ხელისუფლებამ დანიის მხრიდან უკრაინაში Piranha III ჯავშანტექნიკის გაგზავნა დაბლოკა.

ამ საბრძოლო ტრანსპორტის მწარმოებელი ქვეყანა შვეიცარიაა. ნეიტრალური შვეიცარია იმ ქვეყნებისგან, რომლებიც მისგან შეიარაღებას ყიდულობენ ითხოვს  რე-ექსპორტზე ნებართვის აღებას.

დანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სურს უკრაინას 20 ერთეულამდე საბრძოლო ტრანსპორტი Piranha III გადასცეს. ხელისუფლებამ ნებართვაზე ფორმალური განაცხადი შეიტანა შვეიცარიის ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო სამდივნოში (SECO).

მედიის ცნობით კი შვეიცარიის უწყებამ დაბლოკა განაცხადი და მიზეზად თქვა, რომ ტანკების გაგზავნა შვეიცარიის ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რაც კონფლიქტის ზონებში იარაღის მიწოდებას კრძალავს.

ბერნის თანხმობის გარეშე უკრაინისთვის ამ დახმარების გადაცემა შეუძლებელია. დანიას ამ შვეიცარიისგან შეძენილი ტანკების მესამე მხარისთვის გადაცემა მხოლოდ შვეიცარიის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ აპრილში შვეიცარიამ მსგავსად ვეტო დაადო გერმანიის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის იმ შვეიცარიაში წარმოებული ჭურვების გადაცემაზე, რაც ანტისარაკეტო ტანკებში გამოიყენება. ამ შემთხვევაშიც შვეიცარიამ განმარტა, რომ "ომის მასალების აქტით" იკრძალება ომში ჩართული ქვეყნებისთვის საბრძოლო შეიარაღების გადაცემა.

გამოცემა SRF, აცხადებს, რომ შვეიცარიის ხელისუფლებაზე დიდია წნეხი, რომ უკრაინაში ომის პერიოდში გადაიხედოს ქვეყნის ნეიტრალიტეტის პოლიტიკა.

ადგილობრივი პოლიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ მათ უკრაინას იარაღი უნდა გაუგზავნონ, რათა ქვეყანამ რუსეთის აგრესიისგან თავდაცვა შეძლოს.

მედიის ცნობით, შვეიცარიის ხელისუფლება გერმანიისა და დანიის მოთხოვნას შეიარაღების გაგზავნაზე ფედერალური საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე განიხილავს, რომელიც პარასკევს, 3 ივნისს ან შემდეგ კვირაში გაიმართება.

„ფედერალურმა საბჭომ უნდა იმოქმედოს და გამოასწოროს პრაქტიკა. ეს იარაღი უნდა შეიძლებოდეს, რომ გადაეცეს ქვეყანას, რომელიც თავს აგრესორისგან იცავს“ - აცხადებს პირმინ ბიშოფი, შვეიცარიის პარლამენტში საგარეო პოლიტიკის კომისიის პრეზიდენტი.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარია შეუერთდა რუსეთისთვის ევროკავშირის მხრიდან დაწესებულ სანქციებს, უკრაინას კი ციფრული სერვისების განვითარებაში ფინანსურად დაეხმარა.


close დახურვა