logo
ENG



შიდა ტურიზმის გახსნისა და მოწოდების პარალელურად მთავრობა შეზღუდვებს ამკაცრებს

15 ივნ 202020:43
3 წუთის საკითხავი
 

 

დღეიდან მთავრობამ შიდა ტურიზმი გახსნილად გამოაცხადა, თუმცა ამის მიუხედავად სასტუმროების და ჰოსტელების დიდი ნაწილი არ გახსნილა. განსაკუთრებული პრობლემა დედაქალაქში მდებარე ობიექტებს აქვთ, შიდა ტურიზმი თბილისში ფაქტობრივად აღარ არსებობს, სფერო შემოსავლებს მხოლოდ უცხოეთიდან ჩამოსული ვიზიტორებისგან იღებდა.

ამ დრომდე უცნობია, როდის განაახლებს მუშაობას ივენთკომპანიები და დაბადების დღის ცენტრები - სფეროს წარმომადგენლებმა დღეს აქციაც გამართეს. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ისინი უშემოსავლოდ და გაურკვევლობაში უკვე თვეებია დატოვა.

შიდა ტურიზმის გახსნისა და მოგზაურობისკენ მოწოდების პარალელურად, მთავრობა წესებს ამკაცრებს. დღეს გახდა ცნობილი იმ ადგილების სია, სადაც პირბადის გამოუყენებლობის გამო დაჯარიმდებით.  ამ სიაშია სასტუმროები, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, დახურულ სივრცეში საჯარო შეკრებები. დარღვევების შემთხვევაში კი რეგულაციების თავიდან გამკაცრებას მიგვანიშნებენ.

პირბადითა და უკონდიციონერო სივრცეში მოგიწევთ მგზავრობა თუ მატარებლით გადაადგილებას გადაწყვეტთ - ამ შეზღუდვებით განაახლა მუშაობა საქართველოს რკინიგზამაც.

შეზღუდვების მიუხედავად, საზოგადოება ზაფხულის არდადეგებს უკვე გეგმავს, თუმცა არა ადგილობრივ სასტუმროებში. კორონავირუსმა მათი გეგმები შეცვალა, თუმცა ვერ გააჩერა. გამოკითხულთა უმეტესობა შვებულებებს პრემიერის წინააღმდეგობის მიუხედავად,  ბებიასთან და ბაბუასთან ან ზღვაზე გაატარებს.

მოსახლეობის ოპტიმიზმის მიუხედავად, შიდა ტურიზმის წარმატების არ სჯერათ მოლაშქრეთა ასოციაციაში. დღეს ადგილობრივი ვიზიტორებისთვის ტურისტული სივრცეები და დაცული ტერიტორიებიც გაიხსნა, შეზღუდვებით. სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ მოთხოვნები ტურიზმის სექტორს არ შეესაბამება. მთავარი პრობლემა მგზავრებს გადაყვანის უსამართლო წესია, რაც ტურების ფასის ზრდას, შესაბამისად, ვიზიტორების შემცირებას გამოიწვევს. საბოლოოდ კი ტურისტული კომპანიების ნაწილის გაკოტრება გარდაუვალია.

ამ დრომდე გაურკვეველია როდის გაიხსნება საზღვრები ტურისტებისთვის. სასტუმროების წარმომადგენლების ვარაუდით,  ეს დაპირებულ პირველ ივლისს არ მოხდება. ამ შემთხვევაში ტურისტული სფეროს მეორე ვადით დაკეტვა გამორიცხული არაა.

 

 


close დახურვა