logo
ENG



შინდისის ბრძოლიდან 13 წელი გავიდა

11 აგვ 202110:26
3 წუთის საკითხავი
 

შინდისის ბრძოლიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსეთ საქართველოს ომის მიმდინარეობისას გორის რაიონის სოფელ შინდისში ქართველი ჯარისკაცები უთანასწორო ბრძოლაში ჩაებნენ რუსულ ბატალიონთან. ბრძოლა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ქართველმა ჯარისკაცებმა რუსებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს.

ამ დღეს ბრძოლაში ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

სოფელ შინდისთან მდებარე მემორიალთან დაღუპულ გმირებს დღეს ოჯახის წევრები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები მიაგებენ პატივს. 

გმირების ხსნოვნის დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პრეზიდენტმაც. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, შინდისის გმირების თავგანწირვა საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცელია.

"13 წელი გავიდა შინდისის ბრძოლიდან. დღეს საქართველო პატივს მიაგებს სამშობლოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის თავდადებული 17 გმირის უკვდავ ხსოვნას. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში მტერთან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში ჩვიდმეტმა ქართველმა ჯარისკაცმა სიცოცხლე შესწირა საკუთარ ქვეყანას. შინდისის გმირების თავგანწირვა არის საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცელი, რომელიც დაღვრილ სისხლთან ერთად მომავლის იმედს ასაზრდოებს. ქვეყანას, რომლის ჯარისკაცებისთვისაც სამშობლოს თავისუფლება და მიწა-წყალი საკუთარ სიცოცხლეზე ძვირფასია, გლოვის და უიმედობის საბაბი არ აქვს.

სწორედ ამ დღეს, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა უმცროს სერჟანტს, ალექსანდრე ონიანს, რომელმაც ბოლომდე თავგანწირვით იბრძოლა და ცოცხალი არ ჩაბარდა მტერს. არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დაჯილდოების ღონისძიება დღეს ვერ ჩატარდება იმ მასშტაბით, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მოითხოვს. შეზღუდვების მოხსნისთანავე დაიგეგმება ჯილდოს გადაცემის ცერემონია“,- ნათქვამია განცხადებაში.

13 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც. 

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია. 

 


close დახურვა