საქართველოში, შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების განყოფილების ცნობით, შოვში სტიქიას რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევა ემსხვერპლა.
წარმომადგენლობის ცნობით ტრიჩევას ცხედარი მისმა ახლო მეგობარმა დღეს ამოიცნო.
"დღეს მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ქსენია ტრიჩევა გარდაცვლილი იპოვეს - ცხედარი მისმა ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მორგში ამოიცნო.
ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ ქსენიას ოჯახსა და მეგობრებს" – წერია განცხადებაში.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.
ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი.
ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 20 ადამიანთან.